მავნე ჩვევების ზეგავლენა ყბა-კბილთა სისტემის განვითარებაზე (I ნაწილი)

მავნე ჩვევების ერთი ნაწილი წარმოადგენს დაავადებების განვითარების რისკ ფაქტორს, მეორე - ხელს უწყობს მის განვითარებას, მესამე - აუცილებლად იწვევს სტომატოლოგიურ დაავადებას. მავნე ჩვევების დროული აღმოჩენა და აღკვეთა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკაში.

მავნე ჩვევების ერთ-ერთი თავისებურება მდგომარეობს მათ უნებლიობაში, ავტომატიზმში, რაც ართულებს მათ აღმოფხვრას. მეორე თავისებურებას წარმოადგენს, კონკრეტული და სპეციალური ზომების მიღება ყოველ მავნე ჩვევაზე. მესამე თავისებურება - ცოდნის არ ქონა, თუ რა ზიანი შეიძლება მოიტანოს არსებულმა მავნე ჩვევამ, რაც ახანგრძლივებს მის მოქმედებას.

ყოველი მავნე ჩვევის მოცილება, ითხოვს ყურადღებით მობყრობას, ხოლო ბევრ შემთხვევაში დიდ დროს და მოთმინებას, როგორც სტომატოლოგის,  ასევე მშობლის და აღმზრდელის მხრიდან.

მავნე ჩვევები, რომლებიც იწვევენ ყბა-კბილთა ანომალიებს:

1.      წოვის ჩვევები

· თითების წოვის ჩვევა;

· ლოყების, ტუჩების, ნივთების წოვისა და კბეჩის ჩვევა;

· ენის წოვისა და კბეჩის ჩვევა.

2.      ფუნქციის ანომალიები

· ღეჭვის ფუნქციის დარღვევა;

· არასწორი ყლაპვა და ენით კბილებზე ზეწოლის ჩვევა;

· პირით სუნთქვა;

· არასწორი ბგერითი არტიკულაცია.

3.      სხეულის ნაწილების არასწორი მდებარეობა მშვიდ მდგომარეობაში

· სხეულის არასწორი პოზა და ტანადობის დარღვევა;

· ენისა და ყბის არასწორი მდებარეობა მოდუნებულ მდგომარეობაში.

ყბა-კბილთა სისტემის განვითარების, განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ყბა-სახის კუნთების მოქმედება, რომელიც გამოიხატება, როგორც ღეჭვის, ყლაპვის, სუნთქვისა და საუბრის დროს, ასევე ყბის ფიზიოლოგიური მოსვენების პერიოდში. ყბა-კბილთა სისტემის ნორმალური განვითარების პირობებს ქმნის, მიოდინამიური წონასწორობის შენარჩუნება ანტაგონისტ და სინერგისტ კუნთებს შორის. ანტაგონისტ და სინერგისტ კუნთებს შორის მიოდინამიური წონასწორობის დარღვევით გამოწვეული ღეჭვითი ფუნქციის ცვლილება, წარმოადგენს ძლიერ ეტიოლოგიურ ფაქტორს თანკბილვის ანომალიების ჩამოყალიბებაში.

1.    წოვის ჩვევები

1.1. თითების წოვის ჩვევა.

ლიტერატურის მონაცემებით, ყველაზე ხშირ შემთხვევას წარმოადგენს ცერა თითის წოვა.  ეს ჩვევა ვითარდება სიცოცხლის პირველ თვეებში, იშვიათად - კბილების ამოჭრისას. ასევე ფეხმძიმობის პერიოდში, ნაყოფის განვითარების ბოლო ეტაპზე, რენტგენოლოგიური კვლევებისას ხშრიად ჩანს აღნიშნული პათოლოგია.

ეს ჩვევა წარმოადგენს წოვის რეფლექსის მომატებული აქტივობის და ძუძუთი კვების უკმარისობის შედეგს. თუმცა ზედმეტად გახანგრძლივებულმა ძუძუთი კვებამაც და მატყუარას მოხმარებამას, შესაძლოა გამოიწვიოს ეს ჩვევა.

თითის წოვის ხანგრძლივობიდან, სიხშირიდან და ინტენსივობიდან გამომდინარე, ასევე თითის განლაგებით პირის ღრუში ვითარდება ესა თუ ის ყბა-კბილთა ანომალია.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჩვევის არსებობისას ხშირად ვითარდება ქვედა ყბის დისტალური გადანაცვლება, ქვედა კბილთა რკალის წინა ნაწილის შემჭიდროებით, ღია თანკბილვა ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად.

ქვევით დახრილი საჩვენებელი თითის წოვისას, შესაძლოა განვითარდეს ქვედა ყბის წინ გადაადგილება (ცრუ პროგენიის მეორე ფორმა) ან გვერდზე (ჯვარედინი თანკბილვა), თუკი თითი მოთავსებულია პირის კუთხის მხრიდან.

რამოდენიმე თითის წოვა იწვევს ღია თანკბილვის განვითარებას, ამასთან ენა გადანაცვლებულია უკან, რაც აძნელებს სუნთქვას და ყბა-კბილთა სისტემის სხვა ფუნქციებს.

1.2. ტუჩების, ლოყების, ენის და ნივთების წოვისა და კბეჩის ჩვევა.

ამ ჩვევის მიზეზს წარმოადგენს წოვის უპირობო რეფლექსი. ეს ჩვევა გამოიხატება ზედა ან ქვედა ტუჩის, ენის, ლოყების, ფრჩხილების, ფანქრების, კალმების და სხვა ნივთების წოვასა და კბეჩაში.

ასევე აღინიშნება, რომ ქვედა ტუჩის არასწორი მდებარეობა (მოკბეჩის ჩვევა) იწვევს ზედა საჭრელების პროტრუზიას.

უნდა აღინიშნოს ქვედა ყბის გადანაცვლება, ძილის დროს თავის არასწორი მდებარეობით, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ტკივილებისას. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს ქვედა ტუჩის კბეჩის ჩვევის ჩამოყალიბებას.

ცხვირ-ხახის პათოლოგიისას, რომელიც ხელს უშლის ნორმალურ სუნთქვას, ბავშვები იძულებული არიან ჩაკბიჩონ ტუჩი, რითაც ათავსებენ ქვედა ყბას მათთვის ხელსაყრელ პოზიციაში.

ქვედა ტუჩისა და სხვა ნივთების წოვა და კბეჩა იწვევს პროგნათიის განვითარებას, ზედა საჭრელების პროტრუზიით და მარაოსებრი გაშლით. ასევე ქვედა ყბის დისტალურ გადაადგილებას და ქვედა კბილთა რკალის წინა ნაწილის განვითარების შეფერხებას, რასაც მოჰყვება ქვედა, წინა კბილების მჭიდრო დგომა.

ზედა ტუჩის წოვა, ხელს უწყობს ზედა ყბის საჭრელების სასისკენ დახრას და აფერხებს ზედა კბილთა რკალის, წინა ნაწილის განვითარებას. შედეგად ვითარდება ცრუ პროგენია (ფრონტალური).

ქვედა ტუჩის კვნეტა და პირით სუნთქვა აღინიშნება ცხვირ-ხახის პათოლოგიის დროს (მაგ.: ნუშურების ჰიპერტროფია, ადენოიდები), განიხილება, როგორც იძულებითი მოქმედება, რის შედეგადაც მარტივდება ქვედა ყბის დაფიქსირება სასურველ პოზიციაში.

1.3. ენის წოვისა და კბეჩის ჩვევა.

მავნე ჩვევებში აუცილებელია ყურადღება მიექცეს ენის წოვის და მის კბილებშორის მოთავსების ჩვევას.

ენის წოვისა და კბეჩის ჩვევა იწვევს აშკარად გამოხატულ ღია თანკბილვას.

ენის გვერდით კბილებში მოთავსებას, შესაძლოა მოჰყვეს ღია თანკბილვა საღეჭი კბილების უბანში და საკვების დაღეჭვის პრობლემა.

ენის შემოდებამ ზედა საჭრელების ვესტიბულარულ მხარეზე შესაძლოა გამოიწვიოს პროგენია, ხოლო მისმა ცალმხრივმა გაჩერებამ წინა კბილების ვესტიბულარულ ზედაპირზე - ჯვარედინი თანკბილვა.

ნუშურების შესიებისას ენის წოვა შესაძლოა განპირობებული იყოს როგორც ჰომეოსტაზის ელემენტი. ენის წვერის კბილებს შორის მოთავსებით, ბავშვები ცდილობენ გაწიონ ენის ძირი წინ და გაათავისუფლონ ცხვირ-ხახა სუნთქვისათვის.