ბავშვების თანკბილვა

მშობლების უმრავლესობამ უკვე იცის ან გაუგიათ ისეთი უცნაური სიტყვა, როგორიცაა „თანკბილვა“. იციან, რომ შესაძლოა იყოს არასწორი და საჭიროებდეს მკურნალობას. განსაკუთრებულად განვითარებულმა მშობლებმა იციან სიტყვა „ბრეკეტი“, ხოლო ძალიან განათლებულებმა ორი უმაღლესი დიპლომით ისიც იციან, რომ ბრეკეტებს ორთოდონტი აყენებს. როგორც წესი ამით ცოდნა მთავრდება და იწყება მითები და გამოცანები.

თავიდან, რომ მივყვეთ, წესიერად არავინ არ იცის, თუ როდის უნდა დავიწყოთ სიარული ბავშვთა სტომატოლოგთან და ორთოდონტთან. ერთნი დარწმუნებული არიან, რომ პირდაპირ სამშობიაროდან უნდა გაიქცნენ ექიმთან, ხოლო მეორენი - რომ სარძევე კბილები არ იკურნება და უნდა დაელოდნონ მათ მოცვლას. სინამდვილეში ორთოდონტთან პირველი ვიზიტი უნდა დაიგეგმოს 4-5 წლის ასაკისათვის. უკბილო ყბაზე აზრი არა აქვს ვიზიტს, ვინაიდან ჯერ გაურკვეველია, როგორი თანკბილვა ექნება ბავშვს. თუ ბავშვის კბილების მოვლა არადამაკმაყოფილებელია და კბილები იწყებს გაფუჭებას უმჯობესია მიმართოთ ექიმს 3-4 წლის ასაკში, რათა მოხდეს პროცესის დროული ლოკალიზება. მანამდე ბავშვი მაინც არაფრის საშუალებას არ მოგცემთ. სარძევე კბილების მკურნალობა აუცილებელია! მშობლების ძირითადი შეკითხვაა: რატომ? ხომ მაინც მოსაცვლელია?
იმიტომ, რომ თუ არ ვუმკურნალებთ სარძევე კბილს დროულად, იგი შეიძლება გართულდეს და დააზიანოს მუდმივი კბილის ჩანასახი. ხოლო თუ სარძევე კბილი ნაადრევად დაიკარგა და მისი ჩანაცვლება არ მოხდა დროულად, აუცილებლად განვითარდება თანკბილვის პათოლოგია. მისი მკურნალობა კი ძნელი და ძვირი იქნება. მაგალითად განვითარებულ ქვეყნებში არა მარტო მკურნალობენ სარძევე კბილებს, არამედ კარიესის პროგრესირების და კბილის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელი წესით ფარავენ მათ ხელოვნური გვირგვინებით.

კიდევ ერთი შეცდომაა, რომ თანამედროვე ორთოდონტები მხოლოდ ბრეკეტებით მკურნალობენ და ფირფიტები წარსულს ჩაბარდა. სინამდვილეში, ადრეულ ასაკში ბრეკეტებით მკურნალობა არ შეიძლება. სანამ მუდმივი კბილები არ ამოვა, ბრეკეტებს ვერ დავაწებებთ. ამიტომ სარძევე თანკბილვაში, ანომალია იკურნება სპეციალური ფირფიტოვანი აპარატების დახმარებით. ადრეულ ასაკში იკურნება მხოლოდ სერიოზული პათოლოგია, ან მზადდება პირის ღრუ მომავალი მკურნალობისათვის.

ასე, რომ ყველაფერი ნათელია - სარძევე კბილები უნდა ვიმკურნალოთ, ისიც გასაგებია,თუ  როგორ და რა დროს. იბედება შეკითხვა - „ვინაა დამნაშავე?“

თანკბილვის პათოლოგიის გამომწვევი მიზეზები ბევრია. პირველ რიგში მემკვიდრეობა. მართლაც, რომ თანკბილვის სახე-სხვაობები „ოჯახურ სიმბოლოს“ ატარებს. მაგალითად საკმაოდ ცნობილი „ჰაბსბურგული ტუჩი“, სამეფო ოჯახის მემკვიდრეობით გარდამავალი ნიშანი. მეორე მიზეზი სამშობიარო ტრავმაა. შემდგომ შეიძლება დასახელდეს მრავლობითი კარიესი და სარძევე კბილების ნაადრევი დაკარგვა. მაგრამ არის შეუმჩნეველი მნიშვნელოვანი მიზეზები, მაგალითად თითის წოვა, ხელის მუდმივი კბენა და სხვა მავნე ჩვევები რასაც საბოლოოდ თანკბილვის ანომალიამდე მივყავართ. ზოგიერთი დაავადება, მაგალითად რაქიტი ასევე შეიძლება გახდეს ანომალიის მიზეზი. მოკლედ, მიზეზები შეიძლება იყოს უამრავი, ხოლო თქვენი, როგორც მშობლის მისიაა დროულად მიიყვანოთ ბავშვი ორთოდონტთან, იგი კი თავის მხრივ აღმოაჩენს პათოლოგიას, შეეცდება გაიგოს გამომწვევი მიზეზები და დანიშნავს მკურნალობას.