News კბილების ტრავმული დაზიანებები

კბილებზე მექანიკური ტრავმული ზემოქმედებით ვითარდება ამოვარდნილობა ან მოტეხილობა. კბილის ამოვარდნილობა შეიძლება იყოს არასრული, სრული და ჩაჭედილი.

არასრული (ნაწილობრივი) ანუ ქვეამოვარდნილობის დროს კბილი გადანაცვლებულია სხვადასხვა მიმართულებით, უფრო ხშირად ენის ან სასის მხარეზე. პერიოდონტის ბოჭკოების ნაწილი გაგლეჯილია, სისხლძარღვოვან-ნერვული კონა დაზიანებული, კბილბუდე გაჟღენთილი ექსუდატით ან სისხლით, კბილი მორყეულია. რენტგენოლოგიურად პერიოდონტალური ნაპრალი გაფართოებულია.

სრული ამოვარდნილობის დროს კბილი მთლიანად ამოდის

ალვეოლიდან,  სისხლძარღვოვან-ნერვული კონა და პერიოდონტის ბოჭკოები გაგლეჯილია, ზოგჯერ კბილბუდის ვესტიბულური ნაწილი მოტეხილია. შესაძლოა ამოვარდნილ კბილს შენარჩუნებული ჰქონდეს კავშირი ირგვლივ მდებარე რბილ ქსოვილებთან კბილის ირგვლივი იოგის ერთეული ბოჭკოების წყალობით.

ჩაჭედილი ამოვარდნილობის დროს კბილის ფესვი ნაწილობრივ ან მთლიანად ინაცვლიებს ყბის სხეულის სიღრმეში, იწვევს ძვლის, რბილი ქსოვილების და სისხლძარღვოვან-ნერვული კონის დაზიანებას. კბილი გადახრილია რომელიმე მხარეს ან მოტრიალებულია ღერძის გარშემო. არ ირყევა. რენტგენოლოგიურად პერიოდონტის ხაზი არ დიფერენცირდება.

პირველ რიგში აუცილებელია გადაწყდეს ასეთი კბილის შენარჩუნების საკითხი. ძირითადი კრიტერიებია ფესვის არეში ძვლოვანი ქსოვილის მდგომარეობა. თუკი ეს უკანასკნელი შენარჩუნებულია ფესვის 1/2 სიგრძეზე კბილის შესაძლოა გადარჩეს. პირველი კბილის რეპოზიციაა (ადგილზე დაბრუნება, ჩასწორება), რა თქმა უნდა ანესთეზიით. შემდგომ საჭიროა სიმშვიდე, აღნიშნული კბილის მოძრაობის გამორიცხვა. ამის მიზნით ხდება კბილის შინირება.  შემდგომ ხდება აღნიშნული კბილის ნერვის მდგომარეობის გარკვევა. პულპის (ნერვი) დაზიანების შემთხვევაში ხდება მისი ექსტირპაცია (ამოღება) და არხის დაბჟენა.

კბილის სრული ამოვარდნილობის შემთხვევაში ხდება მისი რეპლანტაცია (ანუ კბილის ჩანერგვა უკან ჭრილობაში). თავდაპირველად ხდება კბილის ტრეპანაცია (ნერვის ამოღება, დაბჟენა). კბილის და ფესვის ანტისეპტიკური დამუშავების შემდეგ კბილი ბრუნდება კბილბუდეში და ხდება მისი ფიქსაცია. ტრავმიდან 15-30 წუთში რეპლანტირებული კბილები, მცირედ რეზორბირდება, მაგრამ ნარჩუნდება დიდი ხნით. დაგვიანებული რეპლანტაციის შემთხვევაში რეზორბიციის შანსები და მასშტაბები მატულობს და უკვე პირველივე თვეზე რენტგენოლოგიურად აღინიშნება პათოლოგიური ცვლილებები.

კბილის მოტეხილობა ისე, როგორც ამოვარდნილობა, უფრო ხშირია ზედა ყბაზე, მის ფრონტალურ ნაწილში. კბილის გვირგვინი შეიძლება მოტყდეს მთლიანად ყელის არეში, ან ნაწილობრივ - მინანქარ-დენტინის არეში პულპის ღრუს მთლიანობის დაუზიანებლად ან პულპის ღრუს გახსნით. ფესვის არეში ადგილი შეიძლება ქონდეს განივ მოტეხილობას სხვადასხვა დონეზე, გასწვრივ ან ირიბ მოტეხილობას.

კბილის გვირგვინის ნაწილობრივ მოტეხილობას პულპის ღრუს მთლიანობის დარღვევის გარეშე თან ახლავს ტკივილები მხოლოდ მექანიკურ და ტემპერატურულ გამღიზიანებელზე. თუ გვირგვინის მოტეხილობის დროს გაიხსნა პულპური ღრუ, აღინიშნება თვითნებითი ხასიათის ტკივილები, რომლებიც ძლიერდება ყველანაირ გამღიზიანებელზე. დათვალიერებისას მოჩანს გაშიშვლებული სისხლმდენი პულპა.

კბილის ფესვის შუა ან ზედა მოტეხილობის დროს აღინიშნება მისი

მორყევა, პაციენტი უჩივის ტკივილებს საკვების მიღებისას. რენტგენოგრამაზე კარგად ჩანს ფესვზე გამავალი მოტეხილობის ხაზი. კბილის ფესვის მწვერვალის მოტეხილობის დროს კბილი არ ირყევა, აღინიშნება ტკივილები პერკუსიის (დაკაკუნების) დროს.

ყველაზე ხშირად კბილების ტრავმებს ვხვდებით ბავშვთა ასაკში, რომელსაც აქვს დიაგნოსტიკის და მკურნალობის ასაკობრივი თავისებურებები. ბავშვებში კბილის ტრავმა ძირითადად გვხვდება, როგორც დამოუკიდებელი დაზიანება, იშვიათ შემთხვევებში მას ახლავს სახის სხვა ნაწილების ტრავმებიც. ხშირია ტრავმები აქტიური სპორტით დაკავებულ ბავშვებში.

ბავშვებში კბილის ტრავმის მკურნალობა შესაძლოა შემოიფარგლოს რამოდენიმე დღით ან გაგრძელდეს 2 დან 3 წლამდე.

მკურნალობის ხანგრძლივობას განაპირობებს დაზიანების ხარისხი, ფესვების ჩამოყალიბება და მკურნალობის მეთოდი.

ყველაფრის გათვალისწინებით ბავშვის მკურნალობა იყოფა სამ ძირითად ეტაპად:

  • I ეტაპი - პირველადი მომართვა, რომელიც იწყება ექიმთან მომართვით, სპეციალიზირებული დაახმარების აღმოჩენამდე.

პირველ ეტაპზე ხდება გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტი კბილის ტრავმით, სახისა და თავის ქალის ძვლების დაზიანების და ტვინის შერყევის გარეშე უნდა გადაყვანილ იქნას სტომატოლოგთან. სტომატოლოგი-თერაპევტი აღმოუჩენს პირველ სპეციალიზირებულ დახმარებს (რაც მალე მით უკეთესი).

  • სპეციალიზერებული სამედიცინო დახმარების II ეტაპი  იწყება ანამნეზის შეგროვებით, ტრავმის მიზეზების გარკვევით. მოიცავს სპეციალიზირებულ მკურნალობას კლინიკურ გამოჯანმრთელებამდე. მას ეკუთვნის:
  1. სამედიცინო დოკუმენტაციის სწორი გაფორმება
  2. ანამნეზის შეკრება
  3. კლინიკური გამოკვლევის მეთოდების ჩატარება (დათვალიერება, პალპაცია, პერკუსია)
  4. რენტგენოლოგიური გამოკვლევა
  5. ჩატარებული კვლევების საფუძველზე სწორი დიაგნოზის დასმა
  6. სპეციალიზირებული მკურნალობის ჩატარება
  • III ეტაპი - მკურნალობის დასრულება, ტრავმირებული კბილის ფუნქციის აღდგენა, დისპანსერული დაკვირვება.
 

ტრავმირებული ბავშვების რეაბილიტაციის დაყოფა სამ ეტაპად ხელს უწყობს სწორი მკურნალობის ჩატარებს ყველა დონეზე.


Comments

Other News