რა არის კერამიკული (ფაიფურის) ვინირები?
კერამიკული ვინირები წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ფაიფურის თხელ ფირფიტებს რომელთა სისქე საშუალოდ შეადგენს 0,3-0,5მმ. მათი საშუალებით შესაძლოა გამოსწორდეს კბილის ფერი, ფორმა და მცირე დგომის ანომალიებიც. აგრეთვე ტრემები და დიასთემები (კბილთაშუა სივრცეები).
რა მინუსები და პლიუსები აქვთ კერამიკულ ვინირებს?
თუკი შევადარებთ კერამიკულ და კომპოზიციურ (ბჟენით დამზადებულ) ვინირებს, კერამიკული ვინირების პლიუსები ძალზედ შესამჩნევი იქნება. ყველაზე ხარისხიანი კომპოზიტიც – პლასტმასია, რომელიც მალე კარგავს სიპრიალეს, დროთა განმავლობაში იცვლის ფერს და კარგავს პირველად სახეს. აქედან გამომდინარე კომპოზიციური ვინირები ნაკლებ ხანგრძლივი და ნაკლებ ესთეტიურებია. მათგან განსხვავებით კერამიკული ვინირები ფერს და ფორმას არ იცვლის, ინარჩუნებს რელიეფურობას, აგრეთვე აქვს ბუნებრივი, კბილების შესაბამისი სიპრიალე. ამ ყველაფერის დახმარებით საშუალება გვეძლევა მივიღოთ იდეალური ღიმილი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე ესთეტიური სტომატოლოგია.
საჭიროებს თუ არა კერამიკული ვინირების ფიქსაცია კბილების დამუშავებას?
ხშირად ამბობენ, რომ კომპოზიტიური ვინირების დამზადება არ საჭიროებს კბილის დამუშავებას, სინამდვილეში კბილის პრეპარირება მუდამ საჭიროა, მაგრამ რაც უფრო მაღალ დონეზე მუშობს სპეციალისტი, მით უფრო ნაკლებად ხდება კბილის პრეპარირება. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მასალების საშუალებით ჩვენ კბილს ვამუშავებთ მინიმალურად, მაგრამ ხარისხიანად. ამ ინოვაციური მიდგომის წყალობით კერამიკული ფირფიტა იდეალურად ერგება დაპრეპარირებულ ზედაპირს.
კერამიკული ვინირები მხოლოდ ზედა წინა კბილებზე ფიქსირდება?
ვინირების ფიქსაცია შესაძლებელია როგორც ზედა, ასევე ქვედა ყბის საჭრელებზე, ეშვებსა და პრემოლარებზეც (4-5 კბილები).
რომელი ასაკიდანაა შესაძლებელი ვინირების ფიქსაცია?
კერამიკული ვინირების ფიქსაცია შესაძლებელია მუდმივი თანკბილვის ჩამოყალიბებისთანავე ანუ 18 წლიდან. თუმცა, სტომატოლოგთა აზრით, ვინირების გაკეთება უნდა იყოს კარგად აწონილი და მოფიქრებული.
რაში მდგომარეობს კერამიკული ვინირების ფიქსაციის თავისებურებები?
თხელი ფირფიტის ფიქსაცია საკმაოდ რთული პროცესია, რომლის დროსაც აუცილებელია მკვეთრი, განსაზღვრული მოქმედებების თანმიმდევრული შესრულება. მხოლოდ პროცედურების მკვეთრი რეგლამენტის საშუალებითაა შესაძლებელი ვინირის მაღალტექნოლოგიური ფიქსაცია ქიმიურ დონეზე. ანუ კონსტრუქცია უბრალოდ კი არ ეწებება კბილის ზედაპირს, არამედ პრაქტიკულად უხორცდება მას.
რაც შეეხება მოქმედებების თანმიმდევრობას უფრო ფართო გაგებით, რა თქმა უნდა, ვიწყებთ პაციენტთან საუბრით. პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ რა მიზეზების გამო გადაწყვიტა მან ვინირების გაკეთება. მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა თანკბილვას. თუკი დეფექტი, რომლის დაფარვაც სურს პაციენტს, მდებარეობს ფრონტალურ ნაწილში და დაკავშირებულია ორთოდონტიასთან, პირველ რიგში, ვთავაზობთ ბრეკეტებით მკურნალობას.
შემდგომ, ხდება ანაბეჭდის აღება, რომლის მიხედვითაც მზადდება დიაგნოსტიკური მოდელები. სანთლის საშუალებით ხდება მომავალი კონსტრუქციების მოდელირება. ამის შემდეგ, სილიკონის გასაღებით (mock-up ტექნოლოგია) საჭირო ცვლილებები გადაგვაქვს პირის ღრუში. გასაღებში შეგვაქვს სპეციალური კომპოზიტი და კბილებზე აისახება მომავალი ვინირების ფორმები. შედეგად, პაციენტს საშუალება ეძლევა წინასწარ “მოირგოს” ვინირები. რა თქმა უნდა ასეთი კონსტრუქციები დროებითია, მუდმივი კონსტრუქცია კი გაცილებით უკეთესი იქნება, თუმცა პაციენტს საშუალება ეძლევა ზოგადად მიიღოს ინფორმაცია თუ როგორ შეიცვლება კბილების ფორმა და ფერიც.
მომავალი კონსტრუქციების საჭირო ფორმების და ზომების პაციენტთან შეთანხმების შემდეგ, სპეციალური მარკირებული ბორების საშუალებით ხდება კბილების პრეპარირება. პრეპარირების შემდეგ, სტომატოლოგი იღებს ანაბეჭდებს და კბილებზე აფიქსირებს დროებით კონსტრუქციებს.
ვინირების დამზადების პერიოდი გრძელდება 1-3 კვირა. მზა კონსტრუქციები ერგება პაციენტს და თანხმობის შემთვევაში ფიქსირდება.
რამდენ ხანს ძლებს კერამიკული ვინირები?
კერამიკულ ვინირებს არ აქვთ მოხმარების რაიმე განსაზღვრული პერიოდი, რადგან მაღალხარისხიან ფაიფურს აქვს ცვეთის იგივე პარამეტრები, რაც ნატურალურ მინანქარს. ბევრიც დამოკიდებულია ექიმის და ტექნიკოსის მიერ ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოზე, ასევე პაციენტის მოხმარებაზე.
როგორია კერამიკული ვინირების მოვლის რეკომენდაციბი?
კერამიკული ვინირების მოვლა დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი პირის ღრუს ჰიგიენისგან. საკმარისია კბილების წმენდა დღეში ორჯერ, აგრეთვე ვიზიტები სტომატოლოგთან 6 თვეში ერთხელ (დათვალიერების და პროფილაქტიკური წმენდის მიზნით).
რაც შეეხება ვინირების დაზიანებას, ეს შესაძლებელია: ტრავმის, კბილებით მავთულის ან სკრეპის გასწორების მცდელობისას, აგრეთვე თხილის გატეხვის დროს. ბრუქსიზმმაც შესაძლოა გამოიწვიოს ვინირების, როგორც საკუთარი კბილების ატეხვა. რაც შეეხება მაღალ მჟავიან პროდუქტებს, როგორიცაა ციტრუსები, ღვინო და ა.შ. ხარისხიან კერამიკას მისი არ ეშინია.