რა არის ორთოდონტია?
ორთოდონტია (ბერძნული სიტყვაა, Orthos –პირდაპირი, ლათ. Dens – კბილი) სტომატოლოგიის ნაწილია, რომელიც სწავლობს ყბა-სახის სისტემის განვითარებას, ანომალიებს, დეფორმაციების ეტიმოლოგიასა და პათოგენეზს. ორთოდონტიის ფარგლებში ხდება დარღვევების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სწორი თანკბილვა, არა მხოლოდ სილამაზის გარანტი, არამედ პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკაცაა. ადამიანების 80%-ზე მეტს კბილთა დგომისა და თანკბილვის პათოლოგია აღენიშნება. აქედან, ყოველ მეორეს ესაჭიროება ორთოდონტიული დახმარება. ყოველწლიურად კი პათოლოგიების სიხშირე იზრდება.
რატომ არის აუცილებელი კბილთა დგომისა და თანკბილვის ანომალიების კორექცია?
• არასწორი თანკბილვის დროს, ღეჭვის პროცესში, კბილებზე იზრდება დატვირთვა. 30-40 წლის ასაკისთვის ადამიანი ამჩნევს, რომ მისი კბილები უფრო მოძრავია, იწყება კბილის ყელის გაშიშვლება, კბილებს შორის ჩნდება სივრცეები, და იმატებს კბილის მგრძნობიარობა. ეს ყველაფერი პაროდონტოზის საწყისი ეტაპია.
• არასწორ თანკბილვას მივყავართ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიამდე. მისი ნიშნებია: თავის ტკივილები, ტკაცუნი პირის გაღების დროს და საღეჭი კუნთების ტკივილი.
• მჭიდროდ მდგომი კბილების გამო ირღვევა სრულფასოვანი ჰიგიენა, რაც, თავისთავად, იწვევს კარიესს და მის გართულებებს.
• ასაკის მატებასთან ერთად შეინიშნება კბილების პათოლოგიური ცვეთა, რაც სახის ქვედა მესამედის შემცირებას იწვევს, ეს, თავის მხრივ, აჩქარებს დაბერების პროცესს.
• არასწორი თანკბილვა კუჭ-ნაწლავის დაავადებების განვითარების ერთ-ერთი მიზეზია.
• სახის ესთეტიკის დარღვევა მნიშვნელოვანი პრობლემაა არასწორი თანკბილვისა და კბილთა დგომის დროს.
ორთოდონტია და პაციენტის ასაკი
ორთოდონტიისათვის პაციენტის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მოზრდილებში მკურნალობის პროცესი უფრო რთული და ხანგრძლივია.აქედან გამომდინარე, სასურველია, პაციენტმა ორთოდონტთან კონსულტაცია ადრეული ასაკიდან დაიწყოს. ამ შემთხვევაში, თანკბილვის პატოლოგიის აღმოჩენა და მკურნალობა ადრეულ სტადიაზე იწყება, პროცესი კი ბევრად მარტივი და სწრაფია.