ორთოდონტიული მინი იმპლანტები

ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მკურნალობისას, დამატებითი საყრდენის სახით გამოიყენება დროებითი, ტიტანის მინი იმპლანტები. ორთოდონტიული მკურნალობისას დროებითი იმპლანტატი ასრულებს გამძლე საყრდენის როლს კბილების გადასაადგილებლად და საყრდენი კბილებისაგან განსხვავებით არ იცვლის ადგილს.

ორთოდონტიული იმპლანტების გამოყენება გამორიცხავს მოსახსნელი დამჭერი აპარატების ხმარებას. ამცირებს მკურნალობის დროს, რადგან ჩნდება საშუალება კბილების დიდი ჯგუფის გადასაადგილებლად.

მიკრო იმპლანტების დახმარებით ჩვენ საშუალება გვაქვს დავძლიოთ ისეთი რთული პრობლემები, როგორიცაა კბილების ძლიერი სიმჭიდროვე, კბილის ზედმეტი ჩამოჭრა ანტაგონისტის არ არსებობის დროს, ზედა ან ქვედა ყბის კბილების მარაოსებრი გაშლა, ღრმა ან ღია თანკბილვა (ღრმა საჭრელოვანი ოკლუზია და ვერტიკალური საჭრელოვანი დიზოკლუზია) და ა.შ. რიგ შემთხვევებში, მიკრო იმპლანტის გამოყენება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ბრეკეტების გამოყენება ან შევამციროთ მათი რაოდენობა მინიმუმამდე.

თუკი პაციენტი უარს ამბობს იმპლანტების ტარებაზე, ამ დროს კი მათი ხმარება აუცილებელია საუკეთესო შედეგის მისაღწევად, მაშინ შესაძლოა, პაციენტს შევთავაზოთ საყრდენის ალტერნატიული ვარიანტები მაგ.: სახის ნიღბის ტარება, რომელიც ფიქსირდება კისრის ღვედის ან ქუდის საშუალებით.

 

ასეთ შემთხვევაში, მკურნალობის შედეგი სრულიადაა დამოკიდებული პაციენტის დისციპლინაზე. მიკრო იმპლანტების არ არსებობისას კბილების ამოღება შესაძლოა სრულყოფილი მკურნალობის ერთადერთ ალტერნატივადაც კი იქცეს.

 

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირი მუშავდება სპეციალური საანესთეზიო გელით ან აეროზოლით. შემდეგ ინფილტრაციული ანესთეზიის ქვეშ, სპეციალური სახრახნისის საშუალებით, ჩაიხრახნება მიკრო იმპლანტი. მიკრო იმპლანტის დაყენების მთელი პროცედურა იკავებს 5-10 წუთს.

როგორ ხდება მიკრო იმპლანტის მოთავსება?

 

 

 

 

 

 

 

 

მიკრო იმპლანტი დგება ძვლის სისქეში, მეზობელი კბილების ფესვებს შორის. იმპლანტის თავი მდებარეობს ღრძილის გარეთ. მასზე სპეციალური მოწყობილობების (ელასტიური ძაფი, ზამბარა ჯაჭვი) საშუალებით კბილის გადასაადგილებლად ორთოდონტიული ძალა იქნება მიმართული.

თუკი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამძიმებულია სომატური სტატუსით (ქრონიკული დაავადებები, ენდოკრინული და იმუნური სისტემის დარღვევები და ა.შ.), რამაც, შესაძლოა, ზეგავლენა იქონიოს შეხორცების პროცესებზე (მაგ.: შაქრიანი დიაბეტი) და თუკი პაციენტი ძალიან ბევრს ეწევა, ასეთ შემთხვევებში, მატულობს ლორწოვანის ანთების და ძვლის ძნელად შეხორცების ალბათობა.

 

რამდენი ხანი იქნება მიკრო იმპლანტი პირის ღრუში და ხომ არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისათვის?

მიკრო იმპლანტები ორთოდონტიული მკურნალობის დამთავრებისთანავე ამოიღება პირის ღრუდან. დარჩენის შემთხვევაში, ისინი არანაირ უარყოფით ზეგავლენას არ ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე, ვინაიდან ბიოლოგიურად ინერტულები და ადამიანის ქსოვილებთან სრულიად შეთავსებადნი არიან. მასალა, რომლისგანაც მიკრო იმპლანტები მზადდება, იდენტურია ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი და ჩვეული კბილის იმპლანტებისა, რომელიც ფართოდ გამოიყენება პროთეზირებაში.


კომენტარები