თუკი თქვენ ბრეკეტებით მკურნალობთ, გაქვთ ვინირები, ხელოვნური გვირგვინები ან იმპლანტები, მაშინ პირის ღრუს ირიგატორი თქვენთვის შეუცვლელი ნივთია! ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი კონსტრუქცია ართულებს პირის ღრუს ჰიგიენას. რბილი ნადები არ უშვებს შანსს და გროვდება რთულად მისადგომ ადგილებში, გადადის მაგარ ფაზაში და შედეგად, კარიესის განვითარებაც მოსალოდნელია.
დაიწყეთ პირის ღრუს ირიგატორის გამოყენება, ის დაგეხმარებათ ნადების მოშორებაში.
რა არის ირიგატორი?
გარეგნულად სტომატოლოგიური ირიგატორი გავს ელექტრო კბილის ჯაგრისს, მხოლოდ სამუშაო ზედაპირზე ჯაგრულების მაგივრად აქვს განსაკუთრებული თავი. მოწყობილობის მუშაობა დაფუძნებულია ირიგაციის პრინციპზე – ჰიდრომასაჟზე. ირიგატორში არსებული კომპრესორი ქმნის წნევას, შედეგად, წყლის ჭავლი გარკვეული წნევით მიეწოდება სამუშაო ზედაპირს. ასე წყლის წნევის საშუალებით, შესაძლებელია, კბილთაშუა სივრცეების, კბილის ზედაპირების, ღრძილების, ენისა და ლოყების გაწმენდა. პროცედურის ეფექტურობისათვის წყალს შესაძლოა დაემატოს სპეციალური სამკურნალო ბალზამები ან ანტისეპტიკური სითხეები.
თუკი მაქვს კბილის ჯაგრისი, რაღად მინდა ირიგატორი?
ირიგატორის გამოყენება აუცილებელია პირის ღრუში არსებული მოუხსნელი კონსტრუქციების ან ნაწილობრივ მოსახსნელი კბილის პროთეზების, გვირგვინების, ვინირების, ლუმინირების, იმპლანტების და ბრეკეტების ტარებით მკურნალობის დროს. ჩამოთვლილი ორთოპედიული და ორთოდონტიული კონსტრუქციები ართულებენ პირის ღრუს ხარისხიანი ჰიგიენის ჩატარების პროცესს, რაც შემდგომში აისახება კბილების და ღრძილების ჯანმრთელობაზე. ამ მიდამოებში ნადების დაგროვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყელის კარიესი, აგრეთვე კბილის ირგვლივი ქსოვილების ქრონიკული ანთებითი პროცესები – გინგივიტი და პაროდონტიტი. ამ უსიამოვნო პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ირიგატორი. აპარატიდან გამოსულ წყლის ჭავლს შეუძლია საკვების ნარჩენების და რბილი ნადების მოცილება ყველა რთულად მისადგომი ადგილიდან, რაც არ შეუძლია, არც ჩვეულებრივ და, არც ელექტრო ჯაგრისს.
ირიგატორის სახეობები:
ირიგატორები არის როგორც სტაციონარული ანუ სახლში გამოსაყენებელი, ასევე პორტატული – იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მფლობელი ბევრს მოგზაურობს ან უბრალოდ აბაზანაში არ აქვს იმდენი ადგილი, რომ დადგას ირიგატორი. შესაძლოა ორივეც დაგჭირდეთ.
- ერთი და რამოდენიმე თავით
ირიგატორს სხვადასხვა დანიშნულების თავები აქვს: ძირითადი კბილთაშუა სივრცეებისათვის და ღრძილების მასაჟისათვის, ენის ჰიგიენისათვის, პათოლოგიური ჯიბეების გასაწმენდად, ბრეკეტების ირგვლივ სივრცეების, ხელოვნური გვირგვინების, იმპლანტების, ხიდისებრი კონსტრუქციები, ვინირების გასაწმენდან. ამას გარდა, შესაძლებელია, სპეციალური თავების შეძენა კბილების პოლირებისა და გათეთრებისათვის. როგორც წესი, ყველა თავის ყიდვა არ არის საჭირო. საკმარისია რამოდენიმეს შეძენაც.
- წყლის რეზერვუარით და ონკანთან მიერთებით
წყლის მიწოდება შესაძლებელია როგორც სპეციალური წყლის რეზერვუარიდან, ასევე ჩვეულებრივი ონკანიდანაც. ისეთი კრიტერიუმი, როგორიცაა წყლის რაოდენობა არ ქმნის პრობლემას, რადგან ყოველთვის შეიძლება მისი მარტივად შევსება. თუკი ამას თქვენთვის მნიშვნელობა აქვს აირჩიეთ ირიგატორი ონკანთან მიერთებით.
- აკუმულატორით და ელემენტებით
ირიგატორები შესაძლოა იყოს როგორც დენის კაბელით, ასევე მის გარეშე. არის მოწყობილობები, რომლებიც მუშაობენ დენის წყაროდან, აკუმულატორზე ან ელემენტებზე. ამას გარდა, მწარმოებლები მომხმარებელ სთავაზობენ წყლის ჭავლის სხვადასხვა წნევის, პულსაციის, სიხშირისა და სითხის მიწოდების სხვადასხვა რეჟიმებს – ჭავლი და სპრეი.
აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ირიგატორის გამოყენება არ ნიშნავს, რომ უნდა დაივიწყოთ სხვა ჩვეული ჰიგიენის საშუალებები! მოწყობილობა უზრუნველყობს კბილების წმენდის იდეალურ დასასრულს, ის, რაც ვერ შეძლო კბილის ჯაგრისმა. ხოლო ღრძილების და მთელი პირის ღრუს დამატებითი მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ახდენს ქსოვილების განახლების პროცესების სტიმულირებას, ხელს უშლის კბილის ქვის ჩამოყალიბებას და აქრობს პირის ღრუში არსებულ უსიამოვნო სუნს.
სტომატოლოგები გირჩევენ: ირიგატორი უნდა იყოს ყველა სახლში! ყველაფერი შესაძლოა აისახოს ჰიგიენის ხარისხზე. გამოყენების კომფორტზე მოქმედებს ისეთი ნიუანსები, როგორიცაა ხმაურის დონე და ვიბრაცია, ასევე მოწყობილობის წონა და დიზაინი.