კბილების შინირება

კბილების შინირება გარკვეული ჯგუფის კბილების ერთ მთლიან ბლოკად გაერთიანებაა, იმისათვის, რომ საღეჭი დატვირთვა გადანაწილდეს და თავიდან ავიცილოთ კბილების მორყევა-ამოვარდნა.

კბილების შინირება ნაჩვენებია მათი პათოლოგიური რყევის დროს, რაც პაროდონტიტის თანმხლები ნიშანია. სანამ დავიწყებთ შინირებაზე საუბარს, გავარკვიოთ,  საერთოდ რატომ ჩნდება კბილების პათოლოგიური მორყევა?

ყველასათვის ცნობილი არ არის, მაგრამ კბილი ზეწოლის შედეგად ამორტიზირებს, რასაც მისი ძვალთან დამაკავშირებელი პერიოდონტალური იოგი უზრუნველყოფს. ამ ამორტიზაციას კბილის ფიზიოლოგიური რყევა ეწოდება. აღნიშნული მოვლენა თვალისთვის თითქმის შეუმჩნეველია. პაროდონტიტის განვითარებისას ძვლოვანი ქსოვილი ზიანდება. კბილი კარგავს საყრდენს და ფიქსირდება მხოლოდ რბილი ქსოვილების საშუალებით, ამიტომ მცირე ზეწოლოს დროსაც კი კბილი ირყევა და, შესაძლოა, ამოვარდეს კიდეც. პაროდონტიტი გენერალიზებული დაავადებაა, ანუ იგი არ ვრცელდება მხოლოდ ერთ ან ორ კბილზე. აღნიშნული დაავადება მოიცავს კბილების სეგმენტებს, ან ზედა და ქვედა ყბას მთლიანად. არსებობს ცალკეული კბილების მორყევის შემთხვევებიც ანთებადი პროცესის ე.წ. პერიოდონტიტის დროს. კბილის ფესვის მწვერვალთან ვითარდება ანთებადი კერა, რომელმაც, შესაძლოა, მოიცვას მთელი კბილი. შედეგად, ცალკეული კბილის ირგვლივ მთელი ძვალი განილევა და კბილი იწყებს მორყევას. აღნიშნული მოვლენა იშვიათად ხდება, რადგან პათოლოგიური პროცესის განვითარებისას ჩნდება მტკივნეული სიმპტომები და პაციენტი იძულებულია მიმართოს ექიმს.

შინირების ამოცანები:

შინირების დროს მორყეულ კბილებს აერთებენ ნაკლებად რყევად ან სრულიად ჯანმრთელ კბილებთან. შედეგად, როგორც ზემოთ ითქვა, საღეჭი დატვრითვა თანაბრად ნაწილდება ამ ბლოკზე. აღნიშნული მეთოდის დახმარებით, მორყეული კბილების „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ ერთი-ორად მატულობს.

მარტივ შემთხვევებში შინირებისათვის იხმარება სპეციალური ლითონის მავთული, მინაბოჭკოვანი ძაფები ან ლენტი, ხოლო უფრო მძიმე შემთხვევებში, მოსახსნელი ან მოუხსნელი მაშინირებელი პროთეზები.

ნებისმიერი მაშინირებელი კონსტრუქციის ტარებისას ირღვევა ჰიგიენა, ამიტომ, აუცილიბელია, პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენის ჩატარება 2-3 თვეში ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, პროვოცირდეს პაროდონტიტი და გაუარესდეს კბილების რყევა.


კომენტარები