ფისურების ჰერმეტიზაცია

კბილის სილანტები – ფისურების ჰერმეტიზაცია

ჯანმრთელი კბილების შენარჩუნებაში, კარიესის პროფილაქტიკა გადამწყვეტია. კბილის სილანტები ეფექტურია კარიესის საწყისი ფორმებისაგან თავის დასაცავად. ჰერმეტიკები ავსებენ კბილების ღრმა და  ძნელად მისადგომ ადგილებს.

რას წარმოადგენს ფისურების ჰერმეტიზაცია?

კბილების ზედაპირის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, მათი ჯაგრისით სრული წმენდა გაძნელებულია. ეს ძირითადად ეხება უკანა კბილებს (მოლარებს). მოლარების საღეჭ ზედაპირზე, ბორცვებს შორის, განთავსებულია ღარები – ფისურები. ისინი ვიწრო და საკმაოდ ღრმაა.

 

ღრმა ფისურები პირის ღრუს ბაქტერიებისათვის იდეალური საცხოვრებელი ადგილია. ბაქტერიები შაქრის, შაქრის შემცველი პროდუქტებისა და სასმელების მიღებით მომენტალურად მრავლდებიან, ფიქსირდებიან წებოვან მასად, შედეგად კი ვითარდება კბილის ნადები. აღნიშნული ბაქტერიების ცხოველმყოფელობის შედეგად წარმოიქმნება მჟავები, რომლებიც იწყებენ კბილის მინანქრის დაშლით პროცესებს. კბილის ჯაგრისს არ შეუძლია ასეთი სიღრმის ფისურების გასუფთავება, რადგან თითოეული ჯაგრულის დიამეტრი ერთიორად აღემატება ფისურისას და წმენდის დრო მის ფსკერამდე მიღწევა შეუძლებელია.

ნადების მუდმივი „გამოუწმენდობა“, იწვევს მის დაგროვებასა და კარიესის განვითარებას. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად სტომატოლოგი ავსებს ფისურებს სპეციალური მაჰერმეტიზებელი საშუალებით.

ეს ნივთიერება (სილანტი) თავისი მომატებული თხევადობიდან გამომდინარე, საღეჭ ზედაპირზე მოთავსებისას, ავსებს ყველა ძნელად მისაწვდომ და ღრმა სივრცეებს, რითაც მათ სწორს და გლუვს ხდის. ასეთი ზედაპირიდან ნადების მოცილება გაცილებით მარტივია და შექმნილი ბარიერიც ხელს უშლის კბილის მინანქართან მიკროორგანიზმების შეღწევასფისურების ჩაბეჭდვის შედეგად, კბილები კარიესისგან წლების მანძილზე დაცულია.

რა ასაკშია უკეთესი ფისურების ჩაბეჭდვა?

ფისურების კარიესი ვითარდება კბილების ამოჭრიდან 1-2 წლის განმავლობაში. პირველი მუდმივი მოლარები 6-8 წლის ასაკში ამოიჭრება, მეორე – 12-14 წლის ასაკში, ამიტომ ფისურების ჰერმეტიზაცია ამ ასაკში უფრო ეფექტურია. როდესაც კბილები ჯერ კიდევ დაუზიანებელია კარიესისგან.

ასეთი დაცვა სასარგებლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, თუკი კბილები ჯერ კიდევ კარიესით არაა დაზიანებული, მაგრამ ეს პროცედურა, განსაკუთრებით, ბავშვებისათვისაა რეკომენდირებული.

ზემოხსენებულის გარდა, ფისურების დაშლის კიდევ ერთი მიზეზი არსებობს. საქმე იმაშია, რომ კბილის ამოჭრისთანავე მისი ემალი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. მასში მინერალების შემცველობა გაცილებით ნაკლებია ვიდრე მოზრდილი ადამიანის შემთხვევაში, ამიტომ ასეთი ფისურები უფრო მიდრეკილია კარიესისადმი, რადგან  ისინი უფრო რბილია, ვიდრე ზრდასრულ ასაკში. როგორც წესი, ფისურების მომწიფება ხდება 1-2 წლის შემდეგ.

რომელ კბილებზე ხდება ფისურების ჩაბეჭდვა?

ითვლება, რომ რაც უფრო ღრმაა ფისურა, მით უფრო ეფექტური და სასარგებლოა მისი ჩაბეჭდვა. პირველ რიგში, ღრმა ფისურებში კარიესის განვითარების საშიშროება მეტია. მეორეც – სილანტი უფრო კარგად აღწევს ვიწრო ფისურებში. როგორც წესი, ასეთი ღრმა და წვრილი ფისურები უკანა საღეჭ კბილებს (მოლარებს) აქვთ, ამიტომ აქ კარიესის განვითარების საშიშროება დიდია და საჭიროა დამცავი ბარიერი.

კბილის ზედაპირზე სილანტების მოთავსების ეტაპები

სილანტის მოთავსების ტექნოლოგია საკმაოდ მარტივია და სრულიად უმტკივნეულო. სილანტი თავისი თვისებებით ჰგავს სხივგამყარებად ბჟენს, მაგრამ უფრო თხევადია. თხევადი კონსისტენციის წყალობით იგი მარტივად აღწევს ფისურებში მათ ფსკერამდეც კი.

 

 

 

 

სილანტის მოთავსების ტექნოლოგია

  1. ფისურების ჰერმეტიზაციის წინ, სტომატოლოგი კბილის ზედაპირს სპეციალური ჯაგრულის საშუალებით ასუფთავებს. მხოლოდ სუფთა და მშრალი ზედაპირი წარმოადგენს წარმატების საფუძველს.
  2. ბამბის ლილვაკებით კბილი ნერწყვისგან იზოლირდება. კბილის ზედაპირზე რამოდენიმე წამით თავსდება სპეციალური გელი, რომელიც კბილის ზედაპირს უფრო ხაოიანს ხდის, შედეგად, სილანტის ემალთან მოჭიდების ძალა მატულობს.
  3. გელი წყლით ირეცხება.
  4. კბილის მშრალ ზედაპირზე თავსდება სილანტი და ნაწილდება ყველა ჩანაჭდევში.
  5. მას შემდეგ, რაც სილანტმა ჩააღწია ყველა ღარში, მას ამყარებენ სპეციალური ლამპის საშუალებით.
  6. გამყარებული სილანტი არ უნდა უშლიდეს პირის დახურვას. ამას ექიმი შეამოწმებს პირგადასაღები ქაღალდით, რომელიც აჩვენებს ჭარბი მასალის მქონე ადგილებს. ზედმეტი სილანტი მბრუნავი მასალებით შორდება.

სილანტების გამძლეობა

სტატისტიკურმონაცემებზე დაყრდნობით, შესაძლოა ვთქვათ, რომ ჰერმეტიკების გამოყენების შედეგები შთამბეჭდავია: სილანტების დაცულობა პირველ წლებში 80% აღწევს, 5 წლის შემდეგ – 70%, ხოლო 10 წლის შემდეგ 30%. შედეგად, კარიესის განვითარების საშიშროება კლებულობს 70-80%-მდე. თუკი სილანტმა გაძლო 3-5 წლის განმავლობაში, ითვლება, რომ მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა სილანტის უფრო ადრე ამოვარდნის შემთხვევაშიც არ ითვლება, რომ მკურნალობას წარმატებით არ ჩაუვლია, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში სილანტი იცავდა თქვენს კბილს მჟავა წარმომქნელი მიკრობებისაგან და, შესაბამისად, კარიესისაგან.

 

იმისათვის, რომ გაკონტროლდეს როგორც კბილის, ისე სილანტის მდგომარეობა, მკურნალი ექიმი ყურადღებითაა ყოველ პროფილაქტიკურ შემოწმებაზე, აუცილებლობის შემთხვევაში კი დროულად ახდენს რეაგირებას. რა თქმა უნდა, უფრო ეფექტურად იცავს ის სილანტი, რომელიც დაუზიანებლადაა კბილის ზედაპირზე. თუკი შეამჩნევთ, რომ სილანტს რაღაც ნაწილი აკლია, ან სრულიად ამოვარდა, დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს.

გისურვებთ ჯანმრთელობას.


კომენტარები