საქართველოში კბილების ნაწილობრივი ან სრული ადენტია – კბილების დაკარგვა – ზრდასრულ მოსახლეობაში საკმაოდ გავრცელებულია. ერთი კბილის არქონაც კი გარკვეულ დისკომფორტს იწვევს, ხოლო რამოდენიმე კბილის უქონლობა, შესაძლოა, სერიოზულად აისახოს ცხოვრების ხარისხზე. სრული ადენტია, თავის მხრივ, ადამიანის სტომატოლოგიურ ინვალიდად ხდის.
სრული ადენტია საკვების მიღების სიძნელეებს იწვევს. ნორმალურად საკვების მოკბეჩა და ღეჭვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რიგი პროდუქტებისა რაციონიდან სრულად ქრება. ვითარდება დიქციის პრობლემები - ადამიანი იწყებს ჩლიფინს და უნებურ სტვენას. დარჩენილი კბილები ცარიელი ადგილებისკენ გადანაცვლებას იწყებენ, რითაც ირღვევა ზედა და ქვედა ყბის ფიზიოლოგიური შეთანასოვნება. შედეგად, ჩნდება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემები, რაც, თავის მხრივ, იწვევს სერიოზულ თავის ტკივილებს, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებსა და სხვა გართულებებს.
ადენტია და გარეგნობის ცვლილება
კბილების დაკარგვის შემდეგ ძვალი ისე აღარ იტვირთება როგორც ადრე და ნელ-ნელა იწოვება. ეს სახის ნაკვთების ცვლილებას იწვევს, კერძოდ, ტუჩების ჩავარდნას, ცხვირ-ტუჩისა და ნიკაპის ნაოჭების მკვეთრ გამოხატულებას, პირის კუთხეების ქვემოთ დაწევას, ქვედა ყბის ზომების შემცირებას და კისერზე ნაოჭები გაჩენას.
იმპლანტაციის დადებით მხარეებზე საუბრისას ნაკლებ აღსანიშნავია მისი მცირედ ინვაზიურობა, რადგან პროთეზირების მთავარი ამოცანა, პირველ რიგში, დაკარგული ფუნქციის აღდგენაში მდგომარეობს. იმპლანტი მჭიდროდ ხორცდება ყბის ძვალთან და ასრულებს ხელოვნური კბილის საიმედო საყრდენის როლს. პაციენტი ვერ გრძნობს სხვაობას საკუთარ და იმპლანტირებულ კბილებს შორის, მას აღარ სჭირდება საკვების შერჩევა, ქრება დიქციის პრობლემები.
იმპლანტაცია, დაფუძნებულია ტიტანის (მასალა, რომლისგანაც მზადდება იმპლანტები) უნიკალურ თვისებაზე – ძვალთან შეხორცებაზე, რასაც შემდგომში ოსტეოინტეგრაცია ეწოდა.
პირველი წარმატებული კბილის იმპლანტაცია ჩატარდა 1965 წელს შვედეთში. 1980-იან წლებში ტექნოლოგიამ საკმაო პოპულარობა მოიპოვა აშშ-სა და ევროპაში.
იმპლანტის შემადგენელი ორი ნაწილი
ეს გახლავთ – შიდა ნაწილი, რომელიც კბილის ფესვის იმიტაციას ასრულებს და გარე ნაწილი - აბატმენტი, რომელზეც ფიქსირდება ხელოვნური გვირგვინი. არსებობს ასევე იმპლნატების სხვა ფორმები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა, მაგალითად, ფირფიტოვანი იმპლანტები.
არსებობს მინი-იმპლანტებიც, რომლებიც არ განიცდიან ოსტეოინტეგრაციას და გამოიყენება ორთოდონტიული მკურნალობის დროს. ამ მეთოდის გამოყენებისას, მკურნალობის დასრულების შემდეგ მინი-ინპლანტების ექსტრაქცია აუცილებელია.
რამდენად მნიშვნელოვანია იმპლანტის მწარმოებელი?
იმპლანტის მწარმოებელს მნიშვნელობა აქვს. გასაგებია, რომ თანამედროვე იმპლანტები დამზადებულია ტიტანისგან და ყველა მათგანი ხორცდება, მაგრამ ყველა სისტემას აქვს დამზადების თავისებურებები, ჩასმის ტექნიკა და შემდგომი პროთეზირების შესაძლებლობები. ცხადია, რომ კომპანია, რომელიც მრავალი წელია ფუნქციონირებს, დიდი ფულსა და ენერგიას ხარჯავს სამეცნიერო კვლევებსა და ექსპერიმენტებზე. რა თქმა უნდა, წამყვანი კომპანიების პროდუქცია იაფი არ ჯდება, მაგრამ ღირს კი ეკონომიის გაკეთება იმაზე, რაც, შესაძლოა, მთელი ცხოვრება მოგემსახუროთ?
იმპლანტაციის მთავარ უპირატესობად გვერდზე მდგომი კბილების ხელშეუხებლობა ითვლება. მაგრამ ეს პლიუსი ყოველთვის ნათელი არ არის პაციენტისთვის. როდესაც იგი თანხმდება ხიდის გაკეთებაზე, იგი არც ფიქრობს იმაზე, რომ 5-7 წლის შემდეგ, შესაძლოა, კონსრუქცია გამოსაცვლელი გახდეს, ხოლო დაქლიბული კბილები, უარეს შემთხვევაში, ამოსაღები. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იმპლანტირებული კბილი ბუნებრივად ტვირთავს ყბის ძვალს, რითაც ხელს უშლის მის გაწოვას. ყბის ძვლოვანი მასის შენარჩუნება იმპლანტაციის კიდევ ერთი უდაო უპირატესობაა. საქმე იმაშია, რომ ხიდისებური კონსტრუქციების, ფირფიტოვანი ან ბიგელისებური პროთეზების ხანგრძლივი ტარება, ტრავმული ექსტრაქციები და დაგვიანებული მიმართვა იწვევს უფუნქციოდ დარჩენილი ძვლის განლევას და მისი მოცულობა იმპლანტაციის ნორმალურად ჩატარებისთვის არასაკმარისია. შედეგად, პაციენტს სჭირდება არა მხოლოდ იმპლანტაცია, არამედ ძვლის პლასტიკა, ზედა ყბის შემთხვევაში, სინუსლიფტინგი (ჰაიმორის წიაღის ფსკერის ამაღლების ოპერაცია). აღნიშნული პრობლემა საკმაოდ ხშირია და დაახლოებით 80%-ს აღწევს. მიუხედავად აღნიშნული მანიპულაციის წარმადობისა და ძვლოვანი ქსოვილის აღდგენის სხვადასხვა მეთოდებისა, ორმაგი ოპერაციისა და გაზრდილი ხარჯების პერსპექტივა ბევრ პაციენტს აფრთხობს.
გავრცელებულია აზრი, რომ “იმპლანტაციის გაკეთება ყველასთვის არ შეიძლება”
იმპლანტაციისას აბსოლუტური უკუჩვენებების სია საკმაოდ შეზღუდულია:
- ფსიქიკის დარღვევა.
- პაციენტის მძიმე ზოგადსომატური მდგომარეობა.
- ქრონიკული ალკოჰოლიზმი.
- დღეში ერთზე მეტი კოლოფი სიგარეტის მოწევა.
- პირის ღრუს გამოუსწორებლად ცუდი ჰიგიენა.
დანარჩენი ჩვენებები ხვდება ნაწილობრივ უკუჩვენებათა სიაში. ისეთი დაავადებაც როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი, ოსტეოპოროზი და კოაგულაციის დარღვევა არ წარმოადგენს იმპლანტაციის 100%-იან უკუჩვენებას.
გულ-სისხძარღვთა სისტემისა და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებიც არ წარმოადგენენ პირდაპირ უკუჩვენებას. უბრალოდ, ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების მქონე ადამიანები მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფს შეხორცებისა და იმპლანტის მოხმარების ხანგრძლივობის მხრივ.
იმპლანტების მოთავსება ბავშვებში არ შეიძლება, რადგან მათი ყბები ზრდას განიცდის. იმპლანტაციის ჩატარება შეიძლება გოგონებში 17 და ბიჭებში 19 წელს ზევით. სასურველია, ზრდის ზონების რენტგენოლოგიური გამოკვლევა. რაც ეხება ასაკის ზედა ზღვარს, იგი არ არსებობს, პირიქით, თანამედროვე იმპლანტოლოგია გულისხმობს, რომ კბილების იმპლანტაცია ზუსტადაც, რომ ხანდაზმულ ადამიანებს სჭირდებათ. ის ფაქტი, რომ 90 წლის პაციენტებს სრული ადენტიით ერთჯერადად უტარდებათ ათეულობით იმპლანტის მოთავსების ოპერაცია, კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია პროცედურის უსაფრთხოების და საიმედოობისა.
მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ექიმი-სტომატოლოგი და ჩვენც გეტყვით, რომ საკუთარ კბილებზე ძვირფასი მაინც არაფერია.