სინუსლიფტინგი (სწორი დასახელება „სუბანტრალური აუგმენტაცია“)
სინუსლიფტინგი დენტალურ იმპლანტოლოგიაში გამოყენებადი ყველაზე გავრცელებული ძვლოვან-პლასტიკური ოპერაციაა. თითქმის ყოველი მესამე პაციენტი, რომელიც საჭიროებს იმპლანტაციას ზედა ყბის გვერდით სეგმენტში საჭიროებს აღნიშნულ მანიპულაციას. ყოველივე დაკავშირებულია ადამიანის ყბა-სახის ანატომიურ თავისებურებებთან.
გვინდა კონკრეტულ მაგალითზე მოგითხროთ ოპერაციის ჩვენებებზე, ჩატარების ტექნიკაზე, შედეგებსა და შესაძლო გართულებებზე.
არსებობს აღნიშნული ოპერაციის ჩატარების უამრავი მეთოდი, თუმცა, ძირითადად, გამოიყოფა ორი ჯგუფი:
– ლატერალური სინუსლიფტინგი ზედა ყბის წიაღის გვერდითი კედლის გახსნით (ღია სინუსლიფტინგი). მას „დიდ“ სინუსლიფტინგსაც უწოდებენ.
– ვერტიკალური (ტრანსკრესტალური) სინუსლიფტინგი იმპლანტის ჭრილიდან შესვლით (დახურული სინუსლიფტინგი). მას „პატარა“ სინუსლიფტინგს უწოდებენ.
ძირითადად შევეხებით პირველ მეთოდს. ვერტიკალური ლიფტინგი ტარდება ოსტეოკონდენსორებით იმპლანტის ჩანერგვის პროცესში. მას შედარებით შეზღუდული ჩვენებები აქვს და შესრულების თვალსაზრისით, გაცილებით მარტივია.
როგორც ავღნიშნეთ, არსებობს ლატერალური სინუსლიფტინგის ჩატარების უამრავი მეთოდი და მოდიფიკაცია. მეცნიერები და ექიმები გამუდმებით მუშაობენ აღნიშნულ საკითხზე. ასე გაჩნდა ოპერაციის „ბალონური“, „ენდოსკოპური“ და „ულტრაბგერითი“ მეთოდები. ყველა ექიმი ირჩევს მისთვის სასურველ მეთოდს, რადგან მიზანი ერთია – შევქმნათ საიმედო დენტალური იმპლანტაციისათვის საჭირო, ქსოვილის ადექვატური რაოდენობა.
საერთოდ რა საჭიროა სინუსლიფტინგი?
განსხვავებით ქვედა ყბისაგან, რომელიც ერთი მთლიანი ძვალია, ზედა ყბას აქვს 2 დიდი წიაღი. აღნიშნული წიაღები ამოფენილია ლორწოვანი გარსით და უერთდება ცხვირის ღრუს, ჩვენ მას ვეძახით ზედა ყბის ანუ „ჰაიმორის“ წიაღს. ჰაიმორის წიაღი – ცხვირის წინამდებარე წიაღებში ყველაზე დიდია. მისი დანიშნულებაა – ფილტვებში მიმავალი ჰაერის გათბობა, ხმის რეზონირება და ქალას მასის შემცირება.
კომპიუტერულ ტომოგრამაზე აღნიშნული წიაღები შემდეგნაირად გამოიყურება:
წიაღის ზომები და ფორმა ყველა ადამიანისათვის ინდივიდუალურია, ზოგს დიდი და ჰაეროვანი აქვს, ზოგს კი – პატარა და სქელი კედლებით.
როდესაც ადამიანი კარგავს კბილებს, დგება საკითხი მათი იმპლანტებით ჩანაცვლების შესახებ, იბადება საკითხი ზედა ყბის წიაღსა და პირის ღრუს შორის ძვლოვანი ქსოვილის მოცულობაზე. თუკი აღნიშნული მოცულობა მცირეა, ჩვენი იმპლანტი უბრალოდ ჩავარდება ჰაიმორის ღრუში.
იმპლანტაციის ზონაში ძვლოვანი ქსოვილი საჭირო მოცულობის შესაქმნელად გამოიგონეს სინუსლიფტინგის ოპერაცია.
უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ კბილების დაკარგვის შემდეგ, ალვეოლური მორჩი განიცდის ატროფიას (მცირდება ზომებში), ხოლო დაშორება პირის ღრუსა და წიაღს შორის უფრო კლებულობს. არსებობს ანატომიური თავისებურებები, რომლებიც არ არის დამოკიდებული ძვლოვანი ქსოვილის ატროფიაზე. ამიტომ იმპლანტების დროული ჩანერგვაც არ უზრუნველყოფს სინუსლიფტინგის თავიდან აცილებას.
სინუსლიფტინგის ჩვენება და უკუჩვენება
ჩვენება ერთია – საოპერაციო ველში ძვლოვანი ქსოვილის ნაკლოვანება. როგორც აღვნიშნეთ, სინუსლიფტინგი ბევრ პაციენტს ესაჭიროება.
ამისათვის, კეთდება კომპიუტერული ტომოგრაფია, რის საფუძველზეც ვსაზღვრავთ საოპერაციო არეში ძვლოვანი ქსოვილის სისქეს (აღნიშნულია რიცხვებით, ითვლება მილიმეტრებში):
თუკი ძვლის მოცულობა საკმარისია საჭირო იმპლანტის პირველადი სტაბილიზაციის მისაღწევად (მინიმუმ 10-13მმ), სინუსლიფტინგი არ გვჭირდება. თუკი სისქე ნაკლებია – მაშინ საჭიროა.
სინუსლიფტინგის ჩატარების უკუჩვენება ბევრი არ არის:
– ზედა ყბის წიაღის ქრონიკული ანთების გამწვავება
– ცხვირის ღრუსა და ზედა ყბის წიაღზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი, სარეაბილიტაციო პერიოდი.
– ზედა ყბის წიაღის ან ზედა ყბის სიმსივნე
– სხივური ან ქიმიოთერაპია
– აუტოიმუნური დაავადებები
– აქტიური მწეველი (დღეში ორ კოლოფზე მეტი). მაგრამ აქ საკითხი დგას საერთოდ შესაძლო ხარისხიან მკურნალობასა და პროთეზირებაზე.
იმპლანტებით თუ მათ გარეშე?
სინუსლიფტინგის ოპერაცია, შესაძლოა, ჩატარდეს ერთდროულად - იმპლანტების ჩანერგვასთან ერთად, ან ცალ-ცალკე.
არჩევანი დამოკიდებულია ალვეოლური ქედის სიმაღლეზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს იმპლანტატის პირველადი ფიქსაცია. იმპლანტი უნდა ჩაიძიროს ძვალში ნახევარზე მაინც (დაახლოებით 5მმ), ასეთ შემთხვევაში იმპლანტაცია შესაძლოა ჩატარდეს ლიფტინგთან ერთად. თუკი ალევეოლური ქედის მოცულობა არ იძლევა იმპლანტის დაფიქსირების საშუალებას და ვერ ფარავს მას ნახევრამდე (ნაკლებია 5მმ), სასურველია, ჩატარდეს ჯერ სინუსლიფტინგი ცალკე ოპერაციად, ხოლო შემდგომ უკვე იმპლანტაცია. არიან ექიმები, რომლებიც აფიქსირებენ იმპლანტებს 2-3მმ სისქის ძვალშიც, თუმცა ეს საკმაოდ სარისკოა და ჩვენ ამის გაკეთებას არ გირჩევდით.
მაგალითისთვის, კონკრეტული სიტუაცია: პაციენტს ესაჭიროება იმპლანტების ჩანერგვა ზედა ყბის გვერდით სეგმენტებში. გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით საიმპლანტაციო არეში ალვეოლური მორჩის სიმაღლე განისაზღვრა.
როგორც ზემოთ სურათზე ხედავთ, მარცხენა მხარეს (აღნიშნულია ასო L-ით) ალვეოლური მორჩის სიმაღლე შეადგენს 4,43 მმ, ხოლო მარჯვენა მხარეს (აღნიშნულია ასო R-ით) – 8,17მმ. ეს კი ნიშნავს, რომ მარჯვენა მხარეს შეგვიძლია მშვიდად ჩავატოთ იმპლანტაცია სინუსლიფტინგით, ხოლო მარცხნივ ჯერ უნდა ჩატარდეს სინუსლიფტინგის ოპერაცია, დაველოდოთ ძვლის აღდგენას და შემდგომ უკვე ჩავნერგოთ იმპლანტები.
როგორ ტარდება სინუსლიფტინგის ოპერაცია?
ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, ზოგადი გაუტკივარება და ნარკოზი, როგორც წესი, არაა საჭირო.
საწყისი სიტუაცია:
პირის ღრუში ზედა ყბის გვერდითა კედელზე, (როგორც წესი საიმპლანტაციო ველის თავზე) კეთდება ზედა ყბის წიაღში შესასვლელი. იგი წარმოადგენს პატარა ფანჯარას, რომელიც კეთდება ფრეზის (ბორი) ან ულტრაბგერის ზემოქმედებით. შესასვლელის გაკეთება ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, ვინაიდან მნიშვნელოვანია ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის მთლიანობის შენარჩუნება. გაკეთებული „ფანჯრიდან“ კარგად ჩანს ჰაიმორის ლორწოვანი.
სქემატურად ეს შემდეგნაირად გამოიყურება:
სპეციალური იარაღების საშუალებით ფრთხილად ხდება ლორწოვანის აწევა, რითაც მის ქვეშ ვქმნით თავისუფალ სივრცეს.
წარმატების საწინდარი – სწორად შერჩეული იარაღები და კარგი მხედველობის არეა. ძალზე მნიშვნელოვანია ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის მთლიანობის შენარჩუნება.
შემდგომი ეტაპი შექმნილი სივრცის ოსტეოპლასტიური მასით ამოვსებაა. ამ მიზნით იხმარება აუტოძვალი, ხელოვნური ძვალი, ბიოძვალი ან ალოძვალი. შექმნილი ფანჯარა იხურება ბარიერული მემბრანით. საბოლოოდ, საოპერაციო ველი იხურება და იკერება.