კბილების ერთმომენტიანი იმპლანტაცია

implantacia, momentaluri implantacia implanti იმპლანტაცია იმპლანტი მომენტალური იმპლანტაცია

 

ერთმონენტიანი, მომენტალური ან დაუყოვნებელი იმპლანტაცია – პროცედურა, რომელიც სტომატოლოგისგან გარკვეულ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს.

აღნიშნული ტიპის ოპერაცია ექიმებისთვის და განსაკუთრებით პაციენტებისთვის გამორჩეული მანიპულაციაა. რომ გავერკვეთ რით განსხვავდება და რა უპირატესობა აქვს მომენტალურ იმპლანტაციას კლასიკურთან შედარებით დაგვეხმარება ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის ორთოპედ-იმპლანტოლოგი პავლე ხუჯაძე.  

 

რა არის ერთმომენტიანი იმპლანტაცია?

ერთმომენტიანი ან მომენტალური იმპლანტაცია ეწოდება კბილის აღდგენის მანიპულაციას, როდესაც კბილის ამოღებისთანავე ჭრილობაში იმპლანტი თავსდება  და ეს ყველაფერი ერთ ვიზიტში ხდება. მომენტალური იმპლანტაცია ყველაზე მოთხოვნადია ფრონტალურ არეში, ანუ იქ სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია ესთეტიკა.

მომენტალური მეთოდი საგრძნობლად ამცირებს რეაბილიტაციის ვადებს და პაციენტს საშუალება ეძლევა დაიფიქსიროს დროებითი კონსტრუქცია.

 

იმპლანტაციის რა ტიპები არსებობს?

არსებობს აღნიშნული პროცედურის იმპლანტაციის 3 სახე.

პირველი – მომენტალური იმპლანტაცია, რომლის დროსაც იმპლანტის მოთავსების შემდეგ ღრძილი იკერება და შემდგომი მანიპულაციები მხოლოდ სრული შეხორცების შემდეგ ტარდება.

მეორე – იმპლანტის მოთავსების გარდა პაციენს უკეთდება ღრძილის მაფორმირებელი, რაც პაციენტს აარიდებს შემდგომში აღნიშნული მანიპულაციის ჩატარებას და ასევე ეხმარება ე.წ. “ვარდისფერი ესთეტიკის” შენარჩუნებაში ანუ იმპლანტაციის ადგილზე რბილი ქსოვილების ბუნებრივი იერსახის შექმნაში.

მესამე – ამოღებული კბილის ადგილზე მოთავსებულ იმპლანტზე კეთდება დროებით გვირგვინი. იმპლანტის შეხორცების შემდეგ დროებითი გვირგვინი იცვლება მუდმივით. მომენტალური იმპლანტაციის ეს სახეობა ესთეტიური თვალსაზრისით, დღეისათვის, ითვლება ყველაზე ეფექტურად. მისი დახმარებით პაციენტს არ უწევს უკბილოდ სიარული. ექსპრეს იმპლანტაციის ეს მეთოდი, ძირითადად, გამოიყენება ფრონტალურ არეში.

implantacia, momentaluri implantacia implanti იმპლანტაცია იმპლანტი მომენტალური იმპლანტაცია

 

 კბილების მომენტალური იმპლანტაცია და მისი უპირატესობები

ლამაზი იერის შექმნა, განსაკუთრებით, ფრონტალურ არეში – არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ღეჭვისა და საუბრის ფუნქციები, ხოლო ღრძილის კონტური არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სწორად შერჩეული კბილის ფერი და ფორმა. მომენტალური იმპლანტაციის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად იმისა ვაკეთებთ მაფორმირებელს თუ დროებით გვირგვინს, ჩვენ ვინარჩუნებთ  რბილი ქსოვილების კონტურებს. ორმომენტიანი იმპლანტაციის შემთხვევაში, გვიწევს ამ კონტურების ხელოვნურად შექმნა.

   რა უკუჩვენებები აქ მომენტალურ იმპლანტაციას?

სამწუხაროდ, მომენტალური იმპლანტაცია ყოველთვის არ წარმოადგენს მკურნალობის ოპტიმალურ ვარიანტს, რადგან კბილის ამოღებისთანავე იმპლანტის მოთავსება ვერ ხერხდება. მაგალითად, მომენტალური იმპლანტაცია არ ტარდება მაშინ, როცა ამოღებული კბილის ადგილას აღინიშნება ანთების კერა. ასევე წინააღმდეგობად გვევლინება დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, ძლიერი ბრუქსიზმი ან უკონტროლო კბილების კრაჭუნი. რიგი ქრონიკული დაავადებების გამწვავების ან რეციდივის ფაზაში, ნახევარი წლის წინ გადატანილი ინფარქტები, ინსულტები ან ჰიპერტონიული კრიზები. რისკის ზონაში ასევე ხვდებიან მწეველები. მიუხედავად იმისა, რომ მოწევა განეკუთვნება პირობით უკუჩვენებებს, იგი სრულებით შესაძლებელია, რომ გახდეს იმპლანტის გამოძევების მიზეზი.

სხვა შემთხვევებში, კბილის ამოღების შემდგომი მომენტალური იმპლანტაცია დასაშვებია, რასაც ვერ ვიტყვით მომენტალურ დატვირთვაზე, ანუ დროებითი გვირგვინის გაკეთებაზე. ასეთ სიტუაციებს განეკუთვნება, მაგალითად, კბილის ტრავმული ექსტრაქცია, არასაკმარისი მოცულობა რბილი და მაგარი ქსოვილების, იმპლანტის არასაიმედო ფიქსაცია და ძვლის რბილი სტრუქტურა. ასეთ შემთხვევებში, მაქსიმუმ კეთდება ღრძილის მაფორმირებელი, ხოლო თუკი კბილი ესთეტიურ ზონაშია - ორთოპედიული კონსტრუქციის დროებითი ფიქსაცია მეზობელ კბილებზე.

რისკები, რომლებიც ახლავს მომენტალურ იმპლანტაციას

სიმართლე რომ ითქვას, მომენტალური იმპლანტაციის დროს რისკები მეტია ვიდრე ორეტაპიანი იმპლანტაციისას, თუმცა პროცენტულად ეს დიდ სხვაობას არ იძლევა. მეტიც, ეს რისკი გამართლებულია, როდესაც გვესაჭიროება მომენტალური მაღალესთეტიური შედეგი.

იმპლანტის გამოძევება შესაძლოა გამოიწვიოს მისმა არასაკმარისმა ფიქსაციამ და დროებითი გვირგვინის დამაგრებამ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კბილის ამოღების შემდეგ, თუკი ჭრილობა არ გაიკერა, შესაძლოა, ის ნადებით დაინფიცირდეს, რაც გამოიწვევს პერიიმპლანტიტს.

აუცილებელია, ექიმმა სწორად შეაფასოს პირის ღრუს მდგომარეობა და მიიღოს გადაწყვეტილება დატვირთოს იმპლანტი მომენტალურად თუ მოიცადოს შეხორცებამდე.


კომენტარები