"არც ისე დიდი ხნის წინ, კბილების სრული დაკარგვის დროს ერთადერთი მკურნალობის მეთოდად მთლიანი მოსახსნელი პროთეზი ითვლებოდა, თუმცა იდეალურს ამ გადაწყვეტილებას ვერ დავარქმევთ: ღეჭვისას არასაიმედო ფიქსაცია და ღებინების რეფლექსი იწვევდა სერიოზულ დისკომფორტს. ამას გარდა, არსებობდა პროთეზის პირიდან გამოვარდნის საშიშროებაც" - გვესაუბრება “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის” ორთოპედ-იმპლანტოლოგი პავლე ხუჯაძე.
პროთეზირების რა სახეები არსებობს უკბილო ყბაზე?
სრული ადენტიის დროს კბილების აღდგენა ხდება 2 მეთოდით:
პირველი – მთლიანი მოსახსნელი პროთეზის დამზადება.
მეორე – პროთეზის ფიქსაცია იმპლანტებზე. ეს უკანასკნელი იყოფა 2 ტიპად: მოსახსნელი და მოუხსნელი პროთეზირება.
თუკი ვსაუბრობთ მკურნალობის მაქსიმალურად ოპტიმალურ ვარიანტზე, კბილების სრულად დაკარგვის დროს სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ კბილების იმპლანტაციას.
რაში მდგომარეობს იმპლანტაციის უპირატესობა სრული ადენტიის დროს?
იმპლანტებზე დაყრდნობილი პროთეზის ძირითადი უპირატესობა – ფიქსაციის საიმედოობაა.
ასეთი პროთეზი არასოდეს არ გამოვარდება პირის ღრუდან. სრული მოსახსნელი პროთეზის ტარებისას ფიქსაცია ხდება სასაზე მიკრობის, ყბების ანატომიური თავისებურებებისა და ქვედა ყბის შემთხვევაში მიზიდულობის ძალის ხარჯზე. რაც შეეხება საფიქსაციო გელებს, ისინი შველის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საპროთეზო ველსა და პროთეზს შორის მცირე ცდომილებაა. თუკი პაციენტის პროთეზი არ გადაბაზირდება 3 წელიწადში, მაშინ საფიქსაციოდ შეიძლება “ნახევარი ტუბი” გელიც დასჭირდეს.
უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს პროთეზის ფიქსაციის და სტაბილიზაციის გაუმჯობესების რიგი მეთოდები, თუმცა სრული ადენტიის დროს კლასიკური მოსახსნელი პროთეზის ტარება პაციენტის ცხოვრების ხარისხს საკმაოდ ადაბლებს. ამას გარდა, მოსახსნელი პროთეზის ტარება აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის ატროფიას (განლევას), რაც ართულებს შემდგომ იმპლანტაციას.
რამდენად სერიოზულია ღებინების რეფლექსის პრობლემა კლასიკური მოსახსნელი პროთეზის ტარებისას?
ღებინების რეფლექსი მთლიანი მოსახსნელი პროთეზის ტარებისას საკმაოდ ხშირია. ამ პრობლემის აღმოფხვრის მეთოდები კი თითქმის არ არსებობს, რადგან ეს, როგორც წესი, ორგანიზმის ინდივიდუალური რეაქციაა. საქმე იმაშია, რომ აღნიშნული პროთეზები ზედა ყბაზე უნდა დამთავრდეს ე.წ. A ხაზზე, სადაც მაგარი სასა გადადის რბილში, სხვა შემთხვევაში, ფიქსაცია ვერ იქნება.
იმპლანტებზე პროთეზირების პლიუსები საკვების მიღების დროს
თუკი შევადარებთ ღეჭვით ეფექტურობას კლასიკური მოსახსნელი და იმპლანტებზე ფიქსირებული მოსახსნელი პროთეზირების დროს, ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ის იზრდება რამოდენიმეჯერ, ხოლო, როგორც ცნობილია, საკვების დაღეჭვის ხარისხი აისახება კუჭ-ნაწლავის სისტემაზე და მთლიანად ორგანიზმზე. მთლიანი მოსახსნელი პროთეზის მქონე პაციენტები ხშირად სტუმრობენ გასტროენტეროლოგებს, რომლებსაც, თავის მხრივ, მხოლოდ საკვების დაბლენდერება შეუძლიათ შესთავაზონ. მაგრამ ყველა ადამიანს აქვს სურვილი, რომ იკვებოს სრულფსოვნად.
ასევე აღსანიშნავია, რომ მთლიანი მოსახსნელი პროთეზის დროს ღეჭვის პროცესს თან ახლავს ტკივილის შეგრძნებები, რადგან კონსტრუქცია აწვება ლორწოვან გარსს, რომლის ქვეშაც არის ძვლისსაზრდელა უამრავი ნერვული დაბოლოებებით. როდესაც პროთეზი ფიქსირებულია, იმპლანტებზე ტკივილი არ არის, რადგან არ ხდება ზეწოლა რბილ ქსოვილებზე.
რამდენად კომფორტულია მთლიანი პროთეზი იმპლანტებზე?
სრული ადენტიის დროს, როდესაც პროთეზი ფიქსირდება იმპლანტებზე, არ არის აუცილებლობა ფიქსაციისა და სტაბილიზაციის მიზნით გავზარდოთ პროთეზის მოცულობა. პაციენტს აქვს ბუნებრივი შეგრძნებები, როგორც საკუთარი კბილების არსებობის შემთხვევაში. იმპლანტებზე დაფიქსირებული პროთეზი არ საჭიროებს ადაპტაციის გავლას – პაციენტს აქვს ისეთი შეგრძნება თითქოს ახალი კბილები ამოუვიდა.
რა რაოდენობის იმპლანტებია საჭირო კბილების სრული დანაკარგის შემთხვევაში?
იდეალური შეიძლება იყოს თითო ყბაზე 14 იმპლანტის მოთავსება დამოუკიდებელი გვირგვინებით, რათა მოხდეს კბილთა რკალის სრულად აღდგენა. თუმცა აღნიშნული მეთოდის ფინანსურ მხარეს რომ არ შევეხოთ, უკბილობის შემთხვევაში არ გვაქვს ასეთი რაოდენობით ძვალოვანი ქსოვილი და ნერვების სიახლოვე არ იძლევა ამის საშუალებას. ამას გარდა, 28 იმპლანტის მოთავსება, არც თუ ისე გამართლებულია. რაც შეეხება იმპლანტების მინიმალურ რაოდენობას – შესაძლოა 8 იმპლანტის მოთავსება, ოთხი თითო ყბაზე. ასეთ კონსტურქციას ჰქვია “ყველაფერი ოთხზე”. თუმცა ოპტიმალური შედეგის მისაღწევად სპეციალისტების რეკომენდაციით, სასურველია, ყბაზე 6 იმპლანტის მოთავსება.