სარძევე კბილის ექსტრაქცია – ყოველთვის საკმაოდ მღელვარე მომენტია, როგორც ბავშვების, ასევე მათი მშობლებისათვის.
ალბათ, ბევრს ახსოვს ეს “საშიში და ბარბაროსული” პროცედურა. დღეისათვის თანამედროვე სტომატოლოგიურ კლინიკებში შეგიძლიათ კბილი ამოიღოთ მყუდრო გარემოში, ანიმაციური ფილმების ფონზე.
მაგრამ, მიუხედავად კომფორტული პირობებისა, სარძევე კბილების ნაადრევი ამოღება არ ღირს და სასურველია მათი შენარჩუნება.
რატომაა მნიშვნელოვანი სარძევე კბილები?
დაახლოებით 3 წლის ასაკისათვის ბავშვს ეწყება სარძევე კბილების ფესვების გაწოვა, რაც კბილების მორყევასა და ამოვარდნას იწვევს.
ამგვარად, სარძევე თანკბილვა მუდმივად იცვლება. ეს კბილების ცვლის ბუნებრივი პროცესია, რომელიც, ძირითადად, გართულებების გარეშე მიმდინარეობს და არ საჭიროებს ექიმის ჩარევას. სარძევე კბილების როლი ძალზედ მნიშვნელოვანია – ისინი მუდმივ კბილებს სწორად ამოჭრაში ეხმარებიან. აგრეთვე, ხელს უწყობენ ყბის ძვლების ზრდა-განვითარებას.
რა საფრთხეების შემცველია სარძევე კბილების ამოღება?
თუ მუდმივი კბილის ამოსვლამდე დარჩენილია 1 წელზე მეტი, სარძევე კბილების ექსტრაქცია მის ნაადრევ დაკარგვად ითვლება. თუკი ბავშვმა დაკარგა კბილი დროზე ადრე, მისი “მეზობელი” კბილები ცდილობენ დაიკავონ ცარიელი ადგილი. შედეგად მუდმივი კბილები ამოდის ქაოტურად, რაც მომავალში იწვევს არასწორი თანკბილვის განვითარებას და ორთოდონტიული მკურნალობის აუცილებლობას. კიდევ ერთი უარყოფითი შედეგია ყბის განვითარების ტემპის დაკლება, რაც იწვევს კბილთა რკალის დეფორმაციას – კბილებს არ ჰყოფნით ადგილი და ამოდიან ერთმანეთზე “გადამჯდარ” მდგომარეობაში. ამიტომ სარძევე კბილის ექსტრაქცია – არის პროცედურა, რომელსაც გამოცდილი სტომატოლოგები ძალიან იშვიათად, გარკვეული ჩვენებიბის შესაბამისად ატარებენ.
რა ვქნათ თუკი მოგვიწია რამოდენიმე სარძევე კბილის ამოღება?
თუკი სარძევე კბილების ნაადრევი ამოღება აუცილებელია, საჭიროა ხელოვნური კონსტრუქციების დამზადება. ყველაზე ხშირად, ეს გახლავთ მოსახსნელი ფირფიტები ხელოვნური კბილებით. ეს აუცილებელია, რათა კბილთა რკალში კბილები არ გადანაცვლდეს, სესაბამისად, მუდმივი კბილები მათთვის განსაზღვრულ ადგილზე ამოვიდნენ.
როდისაა აუცილებელი სარძევე კბილის ექსტრაქცია (ამოღება)?
არის სიტუაციები, როდესაც სარძევე კბილის ამოღება აუცილებელია. ამისათვის არსებობს ნაწილობრივი და აბსოლუტური ჩვენებები. აბსოლუტურ ჩვენებებს ეკუთვნის შემდგომი შემთხვევები:
- სარძევე კბილი იმდენადაა დაშლილი, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია;
- მუდმივი კბილი ამოსვლას იწყებს, ხოლო სარძევე არც კი ირხევა;
- ფესვის მწვერვალზე ცისტის არსებობა;
- ღრძილზე ხვრელარხის არსებობა;
- მძიმე ფორმის პერიოდონტიტი ან პულპიტი, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ემუქრება მუდმივი კბილის ჩანასახს;
- სარძევე კბილის ფესვების გაწოვა მიდის შენელებულად, რაც ხელს უშლის მუდმივი კბილის ამოჭრას.
აბსოლუტური ჩვენებების გარდა არსებობს ნაწილობრივი ჩვენებები. ყველა გავრცელებული ჩვენებაა: სარძევე კბილი ირყევა მაგრამ არ ძვრება, ან მოძრავი კბილი ქმნის დისკომფორტს, იწყება ღრძილის ანთება, რის გამოც ბავშვს საკვების მიღებისას აღენიშნება ტკივილი. ასეთ შემთხვევებში არ ღირს დაცდა, სჯობს მიმართოთ სპეციალისტს. ნაწილობრივ ჩვენებებს ასევე მიეკუთვნება კბილის მოტეხილობა, ქრონიკული პერიოდონტიტი ან პულპიტი.
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, სარძევე კბილები აქვთ ზრდასრულებსაც. თუკი არსებობს მუდმივი კბილის ჩანასახი, უმჯობესია დაფიქრდეთ მის ამოღებაზე. ეს მუდმივი კბილის ზრდას სეუწყობს ხელს.
რა სპეციფიკა აქვს სარძევე კბილის ამოღებას?
სარძევე კბილის ამოღება საჭიროებს გარკვეულ სიფრთხილეს და ცოდნას, რადგან ახასიათებს გარკვეული თავისებურებები, რაც განპირობებულია სარძევე კბილების აგებულებით. მათ აქვთ თხელი ალვეოლური კედლები, მუდმივ კბილებთან შედარებით თხელი და გრძელი ფესვები. თუკი სარძევე კბილი ირყევა, შესაძლებელია, მისი აპლიკაციური ანესთეზიით (გელით ან სპრეით) ამოღება, სხვა შემთხვევებში აუცილებელი ხდება ნემსის გაკეთება, თუმცა მას აუცილებლად წინ აპლიკაცია უკეთდება.
როგორ ამოვიღოთ კბილი ისე, რომ ბავშვს ფსიქოლოგიური ტრავმა არ მივაყენოთ?
როგორ ამოვუღოთ სარძევე კბილი ბავშვს, რომელიც ტირის და გვეწინააღმდეგება? ეს ძალზე აქტუალური პრობლემაა.
ამ დროს ბევრია დამოკიდებული ექიმის პროფესიონალიზმსა და მშობლების განწყობაზე. კარგი სპეციალისტი კბილს სრაფად და უმტკივნეულოდ ამოიღებს. მშობლების ამოცანაა, რომ თავად არ ეშინოდეთ და ბავშვს წინასწარი უარყოფითი განწყობა არ შეუქმნან. თქვენი ზედმეტი ნერვიულობა ბავშვს უფრო ძაბავს და აფიქრებინებს, რომ რაღაც საშიშთან აქვს საქმე. მიეცით სხვა ბავშვების მაგალითი ან წაახალისეთ მისი სიმამაცე და გამბედაობა.
სარძევე კბილები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს მუდმივი თანკბილვის ჩამოყალიბებაში. მათზეა დამოკიდებული მუდმივი კბილების ჯანმრთელობა, ამიტომ მათი ნაადრევი ამოღება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია დასაშვები. მშობელს კი შეუძლია დაიცვას საკუთარი შვილი უხეში სტომატოლოგიური ჩარევებისაგან რეგულარული პროფილაქტიკური ვიზიტებითა და ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენის კონტროლით.