სიახლე ქეილიტი

ქეილიტი წარმოადგენს ტუჩების ანთებით დაავადებას, რომელიც აზიანებს, როგორც თვით ლორწოვან გარსს, ისე ტუჩების წითელ ყაეთანს. ქეილიტების საყოველთაოდ მიღებული კლასიფიკაცია არ არსებობს. შედარებით უფრო საფუძვლიანია სისტემატიზაცია, რომლის თანახმად დაავადებები იყოფა სიმპტომურ და საკუთრივ ქეილიტებად. საკუთრივ ქეილიტების ჯგუფში შედიან გლანდულური, ექსფოლიაციური, ალერგიული, მეტეოროლოგიური ქეილიტები, ხოლო სიმპტომურში - ეგზემური, ატონიური, მაკროქეილიტი, ჰიპოვიტამინური ქეილიტები.

ექსფოლიაციური ქეილიტი


დაავადება ხასიათდება მხოლოდ ტუჩების წითელი ყაეთნის დაზიანებით, რომელსაც თან ახლავს აქერცვლა. ექსფოლიაციური ქეილიტი უფრო ხშირია ქალებში. ეტიოლოგიური ფაქტორებიდან მკვლევართა უმრავლესობა მთავარ როლს ანიჭებს ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევას, ფსიქოპათოლოგიის სხვადასხვა გამოვლინებებს - მაგალითად, დეპრესიული რექციებს. გარდა ამისა, დადგენილია კავშირი ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციასა და ექსფოლიაციურ ქეილიტს შორის. ამჟამად, ექსფოლიაციური ქეილიტის პათოგენეზში აღიარებულია გენეტიკური ფაქტორისა და იმუნოლოგიური ცვლიებების როლი. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით გამოყოფენ ექსფოლიაციური ქეილიტის მშრალ და ექსუდაციურ ფორმებს. ორივე ფორმისათვის დამახასიათებელია პათოლოგიური ცვლილებების გარკვეული ლოკალიზაცია - ზიანდება მხოლოდ ტუჩების წითელი ყაეთანი კლეინის ხაზიდან მის შუამდე. ლორწოვან გარსზე ან კანზე პროცესი არ აღინიშნება. დაუზიანებელი რჩება ტუჩის წითელი ყაეთნის კანთან მიმდებარე ნაწილი და პირის კუთხეები.

მშრალი
 ფორმის დროს პაციენტს აწუხებს ტუჩების სიმშრალე, წვა, წარმოიქმნება ქერცლი, რომელსაც, ძირითადად, იკვნეტენ. ასეთი მდგომარეობა გრძელდება წლობით. დათვალიერების დროს მოჩანს ქერცლები წამოწეული კიდეებით, რომლებიც მჭიდროდ არის მიკრული ცენტრში წითელ ყაეთანთან. ქერცლის მოცილების შემდეგ წარმოიქმნება მკვეთრი ჰიპერემიული კერა. 5-7 დღის შემდეგ ქერცლები კვლავ წარმოიქმნება.

ექსუდაციური 
ფორმა ხასიათდება გამოხატული მტკივნეულობით, ტუჩების შეშუპებით, ქერქების ჭარბი წარმოქმნით, რომელიც ართულებს მეტყველებას და საკვების მიღებას. დათვალიერებისას აღინიშნება კლეინის ჰიპერემიული ზონა, ზოგჯერ - შეშუპება, ქერქებს აქვთ მონაცრისფრო-ყვითელი ფერი. მნიშვნელოვნად გამოხატული ექსუდაციური მოვლენების დროს, ზოგჯერ ქერქები ჩამოკიდებულია წინსაფრის სახით, რადგან არ ზიანდება ტუჩების წითელი ყაეთანი კანის საზღვართან. მკურნალობის დროს ექსფოლიაციური ქეილიტის ექსუდაციური ფორმა შეიძლება გარდაიქმნას მშრალ ფორმად.

გლანდულური ქეილიტი

ტუჩების, ძირითადად კი ქვედა ტუჩის დაავადებაა. განპირობებულია მცირე სანერწყვე ჯირკვლების თანდაყოლილი ჰიპერტროფიით, ჰიპეროტროფიითა და ინფიცირებით.

გლანდულური ქეილიტის ეტიოლოგიაში ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება ქვედა ტუჩის მემკვიდრულ ანომალიას, რომელსაც თან ახლავს მცირე სანერწყვე ჯირკვლების ჰიპერპლაზია და ჰიპერტროფია ჭარბი სეკრეციით. მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება კბილის ქვა, პაროდონტის ანთებითი დაავადებები, კარიესი და სხვა, რომლებიც ხელს უწყობენ ტუჩების ქსოვილთა ინფიცირებას სანერწყვე ჯირკვლების გაფართოებული გამომტანი სადინარებიდან. 

გლანდულური ქეილიტი ვითარდება, როგორც  სანერწყვე ჯირკვლების სადინრების ინფიცირების, ასევე მიკრო ორგანიზმების ცხოველმყოფელობის პროდუქტებით და ტოქსინებით ინტოქსიკაციის შედეგად. 

გლანდულური ქეილიტი ძირითადად ვითარდება 30 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. აღსანიშნავია, რომ ქვედა ტუჩი ზიანდება უფრო ხშირად, ვიდრე ზედა. დაავადების დასაწყისში პაციენტი აღნიშნავს ტუჩების მცირე სიმშრალეს და აქერცვლას. დაავადების პროგრესირებისთანავე ვითარდება ტკივილი ეროზიების და ნახეთქების გამო. ტუჩების ლორწოვან გარსზე წითელი წერტილების სახით მოჩანს სანერწყვე ჯირკვლების გამომტანი სადინარების გაფართოებული ხვრელები, საიდანაც გამოიყოფა ნერწყვის წვეთები.

კონტაქტური ალერგიული ქეილიტი

კონტაქტური ალერგიული ქეილიტი გამოწვეულია დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციით სხვადასხვა გამღიზიანებლის მიმართ ტუჩის წითელ ყაეთანთან მათი კონტაქტის დროს. აღინიშნება უმთავრესად 20 წელზე უფროსი ასაკის ქალებში.

კონტაქტური ალერგიული ქეილიტის ეტიოლოგიურ ფაქტორებს მიეკუთვნება ტუჩის საცხის, კბილის პასტის, კბილის საპროთეზო პლასტმასების შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნივთიერებები. ქეილიტი შეიძლება განვითარდეს ლითონის ნივთებთან კონტაქსი (ჩასაბერი ინსტრუმენტების, მუნშტუკები, ფანქრები, კალმები და სხვა) შედეგად. შესაძლებელია პროფესიული კონტაქტური ალერგიული ქეილიტის განვითარება. პაციენტები უჩივიან ძლიერ ქავილს, წვას, შეშუპებას და ტუჩების გაწითლებას. ანამნეზში აღინიშნება სხვადასხვა გამღიზიანებლებთან კონტაქტი და დაავადების გამწვავება ამ უკანასკნელთა გამეორების დროს.

მეტეოროლოგიური (აქტინიური) ქეილიტი

ეს დაავადება მიუკუთვნება ტუჩების ანთებითი ცვლილებების ჯგუფს, რომლებსაც საფუძვლად უდევს მომატებული მგრძნობელობა მეტეოროლოგიური ფაქტორების, კერძოდ კი - მზის ინსოლაციის, სიცივის, ქარისა და რადიაციის მიმართ.

ქეილიტის ეს ფორმა მოგვაგონებს კონტაქტური ალერგიული ქეილიტის ექსუდაციურ ფორმას, თუმცა მასენსიბილიზებელი ფაქტორი ამ შემთხვევაში არის მზის ინსოლაცია.

კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ დაავადების ორ -ექსუდაციურ და მშრალ - ფორმას. ექსუდაციური ფორმის დროს პაციენტებს აწუხებთ ქავილი, ტუჩის წვა, ეროზიებისა და ქერქების წარმოქმნა. დათვალიერების დროს ქვედა ტუჩის წითელი ყაეთანი მცირედ შეშუპებული და ჰიპერემიულია. შეიძლება გამოვლინდეს წვრილი ბუშტუკები ან ეროზიები. მათი გასკდომის შემდეგ წარმოიქმნება ქერქები, რასაც თან სდევს ტკივილის შეგრძნება.

აქტინიური ქეილიტის მშრალ ფორმას ახასიათებს ტუჩის სიმშრალე, წვა, ხანდახან ტკივილი. დათვალიერებით შეინიშნება ტუჩის ერითემა, მოთეთრო-მონაცრისფრო წვრილი ქერცლები. მოგვიანებით შეიძლება წარმოიქმნას ჩალურჯებები და ეროზიები.


კომენტარები

სხვა სიახლეები