სიახლე ჰერპესი

მარტივი ჰერპესი (herpex simplex) ადამიანის ყველაზე გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, იგი გამოწვეულია მარტივი ჰერპესის ვირუსით, ვლინდება მოზრდილების 75-90%-ში. ინფექციის წყაროა ავადმყოფი და ვირუსმატარებელი. პირველადი ინფიცირება, ძირითადად, ხდება სიცოცხლის მე-6 თვის შემდეგ, რადგან ამ დრომდე ახალშობილთა უმრავლესობას სისხლში აქვს დედისგან მიღებული მარტივი ჰერპესის საწინააღმდეგო ანტისხეულები. სიცოცხლის პირველ თვეებში ეს დაავადება ძალზე იშვიათია და გამოვლინდება კანის, ლორწოვანი გარსის, ღვიძლის, თავის ტვინის, თვალისა და სხვა ორგანოების მძიმე გენერალიზებული დაზიანებით. მარტივი ჰერპესისადმი ყველაზე მეტად მგრძნობიარენი არიან 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვები. შეინიშნება მწვავე ჰერპესული სტომატიტის აფეთქებები სკოლამდელ საბავშვო დაწესებულებებში. 3 წლის ასაკის შემდეგ პირველადი ინფიცირება სულ უფრო იშვიათია, თუმცა, შეიძლება დაინფიცირდეს მოზრდილიც. ძალიან ხშირად პირველადი ინფიცირება მიმდინარეობს სუბკლინიკურად ან უსიმპტომოდ. მარტივი ჰერპესის ვირუსი მოხვდება რა ორგანიზმში, რჩება იქ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ჰერპესული სტომატიტი მიეკუთვნება ჰერპესის ვირუსით გამოწვეულ იმუნოინფექციურ დაავადებებს. იგი ვითარდება როგორც მწვავე დაავადება ან ლატენტური ვირუსული ინფექციის აქტივიზაციის შედეგად.

ჰერპესული ინფექცია პირის ღრუში კლინიკურად ვლინდება 2 ფორმით: პირველადი ჰერპესული ინფექციის - მწვავე ჰერპესული სტომატიტის და ქრონიკული რეციდიული ჰერპესის (რეციდივული ჰერპესული სტომატიტი) სახით.

მწვავე ჰერპესული სტომატიტი

დაავადება იწყება მწვავედ, სხეულის ტემპერატურის მომატებით (37-41°C ) და ზოგადი სისუსტით. 1-2 დღის შემდეგ იწყება ტკივილი პირის ღრუში, რომელიც ძლიერდება ჭამის და საუბრის დროს. ლორწოვანი გარსი წითლდება და შეშუპებულია. მასზე ჩნდება ერთეული ან ჯგუფურად განლაგებული წვრილი ბუშტები, რომელთა რაოდენობა მერყეობს 2-3 დან რამოდენიმე ათეულამდე. 
მწვავე ჰერპესული სტომატიტის პირველ დღეებში, ასევე რეციდივების დროს, ჰერპესის ვირუსი ადვილად გამოიყოფა ბუშტუკების შიგთავსიდან. 

დაავადების პროგნოზი საიმედოა, 1-3 კვირაში ყალიბდება კლინიკური გამოჯანმრთელება, აფთები ხორცდება უნაწიბუროდ, ღრძილის კიდე ინარჩუნებს თავის ფორმას. 

შესაძლებელია მწვავე ჰერპესული სტომატიტის თვითგანკურნება, თუმცა მკურნალობა ხელს უწყობს დაავადების უფრო მსუბუქ მიმდინარეობას, უზრუნველყოფს გართულებების თავიდან აცილებას, ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. სამკურნალო ღონისძიებების მოცულობა და ხასიათი დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, მიმდინარეობის სიმძიმესა და მეორად ინფიცირებაზე. 

ეფექტურია ანტივირუსული და იმუნოკორელაციური პრეპარატები. გამონაყარის პირველ დღეებში ინიშნება ანტივირუსული პრეპარატები.

ქრონიკული რეციდივული ჰერპესი

ქრონიკული რეციდივული ჰერპესი საკმაოდ ხშირი მოვლენაა ნებისმიერი ასაკის ადამიანებში, რომლებიც ადრე იყვნენ ინფიცირებული მარტივი ჰერპესის ვირუსით და არა აქვთ ამ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები. ორგანიზმისთვის არახელსაყრელ ზოგად ან ადგილობრივ პირობებში არამყარი იმუნიტეტი სუსტდება. ამას ხელს უწყობს ორგანიზმის გადაცივება, ზოგადი დაავადებები (გრიპი და ადენოვირუსული დაავადებები, პნევმონია, მალარია და სხვა.), ინტოქსიკაცია, სტრესული მდგომარეობა სენსიბილიზაცია.

ტუჩების, ლოყების, ენის, მაგარი სასის ლორწოვან გარსზე ჩნდება 2-3-დან რამოდენიმე ათეულამდე ერთმანეთის გვერდით მდებარე წვრილი ბუშტუკები, რომლებიც სწრაფად სკდება. მათ ადგილზე წარმოიქმნება ზედაპირული ეროზიები, რომლებიც შემდგომ ერწყმიან ერთმანეთს და იწყება დაავადების განვითარების პერიოდი. 

მკურნალობა ძირითადად მიმართულია რეციდივების თავიდან აცილებისაკენ. ამ მიზნით აღმოფხვრიან ორგანიზმში არსებულ ინფექციის ყველა კერას, მათ შორის პირის ღრუში (პერიოდონტიტი, პაროდონტიტი, ტონზილიტი) აღმოფხვრიან გამონაყარის წარმოქმნის ხელისშემწყობ ადგილობრივ მიზეზებს (ტუჩების სიმშრალე, ტუჩების ქრონიკული ნახეთქები). თუ რეციდივები ვლინდება ხშირად, მაშინ წარმატებით იყენებენ ჰერპესის საწინააღმდეგო პოლივაქცინას.

შემომსარტყვლელი ჰერპესი

შემომსარტყვლელი ჰერპესი (herpes zoster), ანუ შემომსარტყვლელი ლიქენი გამოწვეულია ვირუსით varicella zoster. არსებობს ამ ვირუსით გამოწვეული დაავადების ორი ფორმა: ჩუტყვავილა და შემომსარტყვლელი ჰერპესი. ჩუტყვავილა ვითარდება ვირუსთან პირველადი კონტაქტის დროს. შემომსარტყვლელი ჰერპესი უვითარდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებმაც ადრე იავადმყოფეს ჩუტყვავილით და აქვთ ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულები. დაავადება ჩნდება ლატენტური ვირუსული გააქტიურების შედეგად ან მეორადი ეგზოგენური ინფექციების გამო. შემომსარტყვლელი ჰერპესის გენერალიზებული ფორმის დროს შერწყმულია დაავადების ორივე კლინიკური ფორმა.

შემომსარტყვლელი ჰერპესით ავადდებიან ბავშვები და მოზრდილები, უფრო ხშირად კი ხანდაზმულები. ინფექცია ვრცელდება კონტაქტური ან ჰაერ-წვეთოვანი გზით. შემომსარტყვლელი ჰერპესი ხშირია შემოდგომაზე და ზამთარში, ახასიათებს ცხელება, თავის ტვინისა და ხერხემლის ზოგიერთი ნერვის განგლიების ანთება, ერითემულ-ვეზიკულური გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსზე დაზიანებული მგრძნობიარე ნერვების გასწვრივ. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება უკავშირდება პროცესში გასერის კვანძის (ჰეპესული განგლიოიტი), სამწვერა ნერვის მეორე და მესამე ტოტების ჩართვას ერთდროულად ზიანდება კანის შესაბამისი უბნები. 

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 7-10 დღე. შემდეგ გამოვლინდება ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, შემცივნება, ტემპერატურა იმატებს 38-39°C -მდე, მაგრამ ინტოქსიკაციის მოვლენები შეიძლება იყოს უმნიშვნელო. ზოგად სიმპტომებთან ერთად (ან ცოტა მოგვიანებით), ვითარდება მწვავე შეტევითი ნევრალგიური ტკივილი დაზიანებული ნერვების გასწვრივ, ტკივილის ირადიაცია კბილში. კანზე გამონაყართან ერთად წარმოიქმნება მრავლობითი ვეზიკულური გამონაყარი პირის ღრუს ჰიპერემიული და შეშუპებული ლორწოვანი გარსის ფონზე. 

შემომსარტყვლელი ჰერპესი მიმდინარეობს საშუალოდ 2-3 კვრია. პროგნოზი, ძირითადად საიმედოა. იშვიათია გართულებები რამდენიმე თვის ან წელიწადის განმავლობაში ნევრალგიების, დაზიანებულ მიდამოებში ტროფიკული დარღვევების, ჰიპერპათიისა და ჰიპერესთეზიის სახით.

დაავადება ტოვებს ხანგრძლივ იმუნიტეტს, თუმცა ცნობილია რეციდივული მიმდინარეობის შემთხვევები.


კომენტარები

სხვა სიახლეები