სიახლე რემინერალიზაციური თერაპია

სტომატოლოგიაში ფართოდ გამოიყენება ე.წ. რემინერალიზაციური თერაპია. რა არის და რა დროს გამოიყენება?

დავიწყოთ იქიდან, რომ ადამიანის კბილის 95% შეიცავს არაორგანულ ნივთიერებებს, 1,2 ორგანულს და დანარჩენი - წყალს. არაორგანული ნივთიერებები წარმოდგენილია მინერალებით. ყველაზე მინერალიზებული და ყველაზე მტკიცე კბილის ქსოვილი - ემალია. კბილის ამოჭრისას ემალი ნაკლებ მინერალიზებულია, შეიძლება ითქვას მოუმწიფებელია. დროის განმავლობაში კბილის ქსოვილები და მათ შორის ემალიც მდიდრდება მინერალებით, რომლებიც უხვადაა ნერწყვში, ასევე ორგანიზმს მიეწოდება საკვებთან ერთად.

კბილის ემალში გამუდმებით მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესები. პირის ღრუს მჟავიანობის მომატებისას მინერალები გამოდიან კბილის ქსოვილიდან, ამ პროცესს დემინერალიზაცია ეწოდება. სპეციალური ბუფერული სისტემების ხელშეწყობით, ხდება  პირის ღრუს ბალანსის აღდგენა და მინერალები კვლავ ბრუნდებიან ნერწყვიდან მინანქარში. აღნიშნულ პროცესს რემინერალიზაცია ეწოდება. როდესაც დემინერალიზაციის პროცესი ჭარბობს რემინერალიზაციისას ვითარდება კარიესი, ანუ ჯერ ზიანდება ემალი და შემდგომ უკვე კბილის სხვა ქსოვილები.

ასე, რომ რემინერალიზაციური თერაპია წარმოადგენს ემალის გამყარებისა და კარიესის თავიდან აცილების მიზნით, კბილების მინერალებით გამდიდრების პროცესს.

რემთერაპია გამოიყენება, როგორც პროფილაქტიკური ასევე თერაპიული მიზნებით. პროფილაქტიკური რემთერაპია გამოიყენება წელეწადში ორჯერ კბილების პროფესიონალური წმენდის შემდეგ. ასევე მრავლობითი კარიესის დროს შესაძლოა დაენიშნოს სახლის პირობებშიც.

აღნიშნული პროცედურა თერაპიული თვალსაზრისით გამოიყენება ლაქოვანი კარიესის დროს, როდესაც მინერალების გარკვეული რაოდენობა გამოვიდა კბილებიდან, მაგრამ აღნიშნული პროცესი ჯერ კიდევ შებრუნებადია. ანუ დროულად და ადექვატურად ჩატარებული მკურნალობის შედეგად ემალი შესაძლოა აღდგეს.

რემინერალიზაციურ თერაპიას ასევე ატარებენ ემალის არაკარიესული დაზიანებების დროსაც. მაგ.: ეროზიის, ჰიპოპლაზიის, სოლისებრი დეფექტების და ა.შ. დროს. აღნიშნული დაზიანებების დროს მკურნალობის მიზანი არა ემალის აღდგენა არამედ მგრძნობელობის დაქვეითებაა, რაც არსებული დაავადებების დროს პაციენტების ძირითადი ჩივილია.     


კომენტარები

სხვა სიახლეები