სიახლე თქვენს ბავშვს სტომატოლოგის შიში აქვს?

ბავშვს ეშინია სტომატოლოგის? ჩვენ ამას ჩვეულებრივ აღვიქვამთ, ვინაიდან მათ ასაკში ჩვენც ხომ გვეშინოდა?! დღეს ჩვენ უკვე მშობლები ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი შვილებისათვის, რომ გადავჭრათ ასე გავრცელებული პრობლემა, როდესაც ბავშვს ეშინია სტომატოლოგის. 

დაიწყეთ პირველი ვიზიტით, მიანიჭეთ მას გაცნობის საინტერესო სახე. სასურველია თუკი ამ ვიზიტს ექნება პროფილაქტიკური სახე. სტომატოლოგი შეაფასებს პირის ღრუს ზოგად მდგომარეობას: კბილების, ღრძილების, თანკბილვის და ყბების განვითარების. ხოლო თქვენ იქნებით მშვიდად, რომ თქვენი შვილის განვითარება მიმდინარეობს ნორმის ფარგლებში. თუკი თქვენს პირმშოს არაფერი აწუხებს, სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი შეიძლება ჩატარდეს 2 წლის ასაკში.

შეეცადეთ სტომატოლოგთან ვიზიტი რაიმე საყვარელ სათამაშოს დაუკავშიროთ, დარწმუნებული ვარ, კარგი ბავშვთა სტომატოლოგი მიხვდება და მოგეხმარებათ ბავშვისთვის სასიამოვნო აურის შექმნაში. სათამაშო გარემო ბავშვს მიაჩვევს თეთრ ხალათს და სტომატოლოგიურ სავარძელს. თუკი ექიმი პროფესიონალია, იგი ბავშვის შესაგუებლად და დაძაბულობის მოსახსნელად დახარჯავს იმდენ დროს რამდენიც საჭირო იქნება. შედეგად ბავშვი გააღებს პირს და აჩვენებს კბილებს სტომატოლოგს.

სასურველია თუკი თქვენი შვილის განვითარებას ყურადღებას მიაქცევს ერთი სტომატოლოგი. იგი შესძლებს არა მარტო ასწავლოს და უმკურნალოს მის პირის ღრუს, არამედ დამეგობრდება თქვენს შვილთანაც. ვინაიდან თანამედროვე ბავშვთა სტომატოლოგს უამრავი საინტერესო რამ მოეპოვება – ფერადი ბჟენები, ლამაზი სათვალეები, სხავადასხვა ხილით არომატიზებული სავლებები, სათამაშოები, მხიარული ოთახი და სხვა.

პირველი ტკივილის გაჩენისას, ასეთ ექიმთან გაცილებით მარტივია წასვლა. შეგიძლიათ აუხსნათ, რომ კბილის საშველად ყველა მიდის კეთილ ექიმთან. უკეთესია თუკი პატარა ადამიანს არ მოატყვილებთ, უბრალოდ მარტივად, როგორც ჩვეულებრივი ამბავი აუხსენით თუ რა უნდა გაუკეთოს ექიმმა. თუკი არ გადააჭარბებთ დაპირებებით, ბავშვს ეჭვიც არ გაუჩნდება, რომ სტომატოლოგთან რამე საშიში ელოდება. ნუ გადაიტანთ თქვენს შიშს ბავშვზე, სტომატოლოგია ამ ხნის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა.

თქვენ მხოლოდ უნდა იზრუნოთ, რომ მიხვიდეთ სტომატოლოგიურ კლინიკაში, სადაც მუშაობენ თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და უახლესი ანესთეტიკებით, შედეგად ბავშვი არც ნემსის ჩხვლეტას იგრძნობს და არც კბილის დამუშავებას. 

თუკი თქვენ იქნებით მშვიდად და არ ინერვიულებთ, ბავშვსაც არ გაუჩნდება ზედმეტი შიში, რაც ბევრს ხელს უშლის სტომატოლოგთან დამეგობრებაში. ეს კი აუცილებელია, რადგან ბავშვებმა სტომატოლოგის კონსულტაცია წელიწადში ორჯერ უნდა ჩაიტარონ, ხოლო ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის დროს, როგორიცაა სარძევე კბილების ცვლა მუდმივით, სასურველია კონსულტაცია 3–4 თვეში ერთხელ ჩატარდეს. ბავშვების ემალი, ხომ არა საკმარისად მკვრივია, დამატებით უამრავ ტკბილს მიირთმევენ და როგორც წესი კბილებსაც კარგად ვერ იხეხავენ. რაც ქმნის იდეალურ პირობებს კარიესის განვითარებისათვის.

სასიამოვნო ექიმი ასწავლის თქვენს პატარას კბილების ხეხვის სწორ მეთოდებს, დაამუშავებს ფტორ–ლაქით, დროულად ჩაბეჭდავს საღეჭ ზედაპირებზე არსებულ ფისურებს (ბუნებრივ ჩანაჭდევებს), სადაც ყველაზე ხშირად ვითარდება კარიესი. ეს ყველაფერი ტარდება სრულიად უმტკივნეულოდ, რასაც ბავშვი ძალიან მალე ეჩვევა, ხოლო ასეთი პროცედურების ეფექტი დიდი ხნით გრძელდება. ამისათვის ღირს ბავშვი დროულად გააცნოთ სტომატოლოგს და შეუქმნათ მასზე დადებითი წარმოდგენა. არავითარ შემთხვევაში არ შეაშინოთ ექიმით და ნემსით, რასაც ხშირად მიმართავენ მშობლები. შეუქმენით ექიმზე დადებითი წარმოდგენა.

როცა გაიზრდებიან ისინი თავად მიხვდებიან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო თქვენი ჯაფა და შრომა, მათი ლამაზი და ჯანმრთელი ღიმილის შესანარჩუნებლად.  


კომენტარები

სხვა სიახლეები