კალციუმის როლი ორგანიზმში
ამბობენ, რომ კბილების და ძვლების დაშლის მიზეზი ორგანიზმში კალცის დეფიციტია. აქვს თუ არა აზრი კალცის პრეპარატების მიღებას, ცარცის ღეჭვას და ა.შ.? რამდენად საიმედოა კალციუმის შემცველი პრეპარატების, საკვები დანამატებისა და კბილის პასტების რეკლამა?
ამ ბლოგში შემოგთავაზებთ სანდო ინფორმაციას კალციუმზე და გესაუბრებით მის როლზე.
ცოტაოდენი ფიზიკა და ქიმია
ბევრი გაოცდება, მაგრამ კალციუმი ლითონია, თანაც საკმაოდ აქტიური. გავრცელების მხრივ მას, საპატიო, მეხუთე ადგილი უჭირავს, ჟანგბადის, სილიციუმის, ალუმინისა და რკინის შემდეგ.
არაა გასაკვირი, რომ იგი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოველებისა და მცენარეების ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.
ცოტაოდენი ბიოლოგია
კალციუმის აქტიური ცვლა თითქმის ყველა ცხოველისა და მცენარისთვისაა დამახასიათებელი. ზოგიერთი უხერხემლოს ჯავშანი კალციუმის შენაერთებისგანაა აგებული. მაგალითად: მოლუსკების ნიჟარები, მარჯნები, ადამიანისა და ცხოველების ძვლოვანი ქსოვილი, ცალკეული ბაქტერიების ცისტები და სხვ.
დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს მცენარეების თესლები, განსაკუთრებით, პარკოსნები, თხილეული, მარცვლეული კულტურები. ცხოველური პროდუქტებიდან კალციუმის შემცველობით ყველაზე მდიდარია რძე და რძის ნაწარმი და, რა თქმა უნდა, ხორცი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის კვების რაციონი შეიცავს საკმარისზე მეტ კალციუმს.
ფიზიოლოგია
კალციუმის ნაერთები მხოლოდ ძვლებისა და კბილების "საშენი მასალა" როდია. კალციუმის იონები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც კუნთოვანი შეკუმშვების ინიციაციაში (მათ შორის გულის კუნთის შეკუმშვები), ასევე ჰორმონების გამომუშავებაში. კალციუმის ბიოორგანული ნაერთები სისხლის შედედებასა და ოსმოსური წნევის შენარჩუნებაშიც მონაწილეობს. კალციუმი შეიწოვება კუჭში, D და C ჯგუფის ვიტამინების დახმარებით.
მნიშვნელოვანია, კალციუმის, მაგნიუმის და ფოსფორის ცვლის ურთიერთკავშირი – ამ უკანასკნელის დეფიციტისას ზარალდება კალციუმის ცვლაც.
პათოფიზიოლოგია
ორგანიზმში, შესაძლოა, განვითარდეს კალციუმის დეფიციტი, მაგალითად: ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება, გარკვეული პრეპარატების მიღებისას ან ზოგჯერ მავნე ჩვევების ზემოქმედებით (მათ შორის ალკოჰოლი და ნიკოტინი) კალციუმის დეფიციტი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, კალციუმის ალიმენტარული (კვებითი) დეფიციტი ძალიან იშვიათია.
უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: რაც უფრო მაღალია ორგანოებსა და ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე, მით უფრო განიცდიან ისინი მაკროელემენტების დეფიციტს და მიდრეკილნი არიან დაავადებებისადმი.
მაგალითისათვის, ნივთიერებათა ცვლა ძვლოვან ქსოვილში ძალიან ნელა მიმდინარეობს, მაშინ როცა, სისხლში, კუნთოვან და სეკრეტორულ ქსოვილებში მეტაბოლიზმის პროცესი ძალზე აქტიურია.
კიდევ უფრო ნელი ტემპებით მიმდინარეობს ცვლის პროცესები მინანქარში. აღნიშნულ ცვლას კი ახორციელებს არა სისხლი, არამედ ნერწყვი. თავის მხრივ, ნერწყვის ქიმიურ შემადგენლობაზე ჰორმონალურ ფონს დიდი გავლენა აქვს.
მაშასადამე, კალციუმის დეფიციტისას, პირველ რიგში, ზიანდება "სწრაფი" ცვლის მქონე ქსოვილები და ორგანოები: სისხლი, კუნთები, შიდა სეკრეციის ჯირკვლები. შედეგად, ვიღებთ ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის ადრეულ ნიშნებს – სისხლის შედედების დარღვევა, კუნთოვანი სპაზმები, გულის რითმის დარღვევა და ა.შ.
რა თქმა უნდა, ორგანიზმი ცდილობს კალციუმის დეფიციტის კომპენსაციას, ამიტომ „იღებს“ მათ „ნელი ცვლის“ მქონე ქსოვილებიდან, პირველ რიგში, ძვლებიდან. ასე ვითარდება ოსტეოპოროზი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კბილების და ძვლების პრობლემები ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის უკიდურესი ნიშანია. მას წინ ახლავს გაცილებით უსიამოვნო სიმპტომები, სხვადასხვა სინდრომები და დაავადებათა მთელი რიგი.
ოსტეოპოროზი და კალციუმის ცვლა
საინტერესოა, რომ ოსტეოპოროზის დროს კალციუმის შემცველობა ძვლებში კლებულობს, ხოლო სისხლში პირიქით – მატულობს. კალციუმი ვერ ჩერდება ძვლოვან ქსოვილებში, იმ დროს, როდესაც მისი შემცველობა სხვაგან საკმარისზე მეტია.
საქმე იმაშია, რომ ძვლოვანი ქსოვილის შენება D და C ჯგუფის ვიტამინების და მაგნიუმის ნაერთების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. აღნიშნული ნივთიერებების ნაკლებობისას კალციუმის ცვლის პროცესები ირღვევა. შესაბამისად, ვიტამინი D3 ის დეფიციტის ალბათობა გაცილებით მეტია ვიდრე კალციუმის. შედეგად ოსტეოპოროზის დროსაც უფრო გონივრულია კალციუმის ცვლის ხელშემწყობი პრეპარატების მიღება: ვიტამინები, სხვა მიკროელემენტები, რომლებიც მონაწილეობენ მეტაბოლიზმში: მაგნიუმის და ფოსფორის პრეპარატები. თუმცა, ამ უკანასკნელთა დეფიციტი ნაკლებ შესაძლებელია.
რას გვეუბნება რეკლამა?
სარეკლამო რგოლებით გვეუბნებიან, რომ კბილების და ძვლების პრობლემები ორგანიზმში, ძირითადად, კალციუმის ნაკლებობისას ჩნდება. მათი რეკომენდაციით, აუცილებელია, სარეკლამო პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღება, შედეგად, ოსტეოპოროზსა და კარიესს ერთდროულად ეშველება. ამას ისიც ემატება, რომ ბავშვობაში ცარცისა და საშენი მასალების ჭამა სასარგებლოა ბავშვების ძვლებისა და კბილებისათვის. მაგრამ, როგორც ზემოთაა აღნიშნული, საშუალო სტატისტიკური ადამიანი, ჩვეულებრივი კვების რაციონით იღებს საკმარისზე მეტ კალციუმს. მისი რაოდენობის გაზრდა საკვები დანამატების, კალციუმის გლუკონატის, ცარცის და სხვა საშუალებებით, არანაირად არ მოქმედებს სისხლში მის შემცველობაზე, ვინაიდან იგი უბრალოდ არ შეიწოვება დამატებითი ფაქტორების გარეშე.
თუკი კალციუმის დეფიციტი მაინც ვითარდებდა, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ რაიმე ენდოკრინულ პათოლოგიაზე, შემდეგ – ვიტამინებისა და კალციუმის დამაკავშირებელი ფაქტორების ნაკლებობაზე და ბოლოს, კალცის შემცველი პრეპარატების ნაკლებობაზე.
ხშირი მოტეხილობები და კარიესის განვითარება, რომელიც არანაირ კავშირში არ არის საკვებით მიღებულ კალციუმთან, ძირითადად, ცხოვრების წესის შედეგია.
ამიტომ, თუკი ეჭვი შეგეპარათ, რომ ოსტეოპოროზის ნიშნები გაქვთ, ან კბილის ქსოვილთა რაიმე პრობლემები, დაანებეთ თავი ცარცსა და საკვებ დანამატებს, მიმართეთ ექიმ-სპეციალისტს. ის იპოვის პრობლემათა გამომწვევ მიზეზს და დაგინიშნავთ მკურნალობის სწორ კურსს.