“დედა შოკოლადი მინდააა!” – გაჰკივის სამი წლის პატარა მთელი მაღაზიის გასაგონად. გაწითლებული დედა მორცხვად და სიჩქარეში ყიდულობს მოთხოვნილ პროდუქტს. სიტუაცია გამუდმებით მეორდება და უფრო მძიმდება, ამას კი ემატება უფროსების განაკუთრებით ბებიების და ბაბუების სურვილი “მოიგონ” პატარას გული და ასიამოვნონ ტკბილეულით. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ბავშვს ეწყება კბილის ტკივილი… მაგრამ ტკბილეული – მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია რის გამოც ჩნდება კარიესი.
როგორ გავარჩიოთ სარძევე კბილების კარიესი
ადრეული და მოზარდი ასაკის ბავშვების კარიესის გარჩევა საკმაოდ მარტივია. კბილებზე ჩნდება თეთრი ან მოყავისფრო ლაქები, აღინიშნება მტკივნეული რეაქცია ტემპერატურულ გამღიზიანებელზე (ცივი, ცხელი), შესაძლოა გაჩნდეს უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. აღნიშნული სიმპტომების გაჩენისთანავე სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს, რადგან კარისული პროცესი (განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში) ძალზედ სწრაფად პროგრესირებს. მისთვის დამახასიათებელია მეზობელი კბილების ელვისებური დაზიანება. თუკი დროულად არ მოხდება რეაგირება შესაძლოა მთელი კბილთა რკალიც კი ჩაერთოს ამ პროცესში.
როგორ იწყება ბავშვების კარიესი?
მიზეზები ბევრია ვიდრე ეს ერთი შეხედვით სჩანს. პირის ღრუს არასწორი ჰიგიენა, კარიესოგენული მიკრობების მატარებელი უფროსების ჭურჭლით სარგებლობა და სხვა. თუმცა განვითარების ძირითადი მიზეზები – მოხმარებული ნახშირწყლების ზეგავლენა, კარიესოგენული მიკრობებით დაინფიცირება, გენეტიკური ფაქტორი, მატყუარას არასწორი გამოყენებაა.
- რა თქმა უნდა ძირითადი და ყველაზე მეტად გავრცელებული მიზეზი რის გამოც ვითარდება ბავშვების კარიესი – პირის ღრუს ჰიგიენის წესების დაუცველობა და ტკბილეულის ზეგავლენაა. სტატისტიკის მიხედვით მცირეწლოვან ბავშვებს კარიესი უვითარდებათ შემთხვევათა 73%. საქაროზა, გლუკოზა და ფრუქტოზა – ეს არის მჟავეები, რომლებიც წარმოიქმნებიან ნახშირწყლების დუღილის შედეგად და იწვევენ მინანქრის დაშლას. ნახშირწყლების მიღების შემდეგ ნერწყვის PH მცირდება 6 დან 4 მდე, ხოლო კბილებიდან გამოუწმენდავ საჭმლის ნარჩენებში სახლდებიან პათოგენური ბაქტერიები.
- კარიესი ეს არის ინფექცია, რომლითაც შესაძლოა დასნებოვნდე. მოსიყვარულე მშობელი კარიესოგენული მიკრობების პოტენციური მატარებელი, ვერც აანალიზებს, რომ საყვარელ შვილს კოცნის ან მასთან ერთად ერთი კოვზით საკვების მიღების დროს ასნებოვნებს შვილს მიკრობებით.
- კიდევ ერთი მიზეზი კარიესი განვითარების ეს გახლავთ გენეტიკური განწყობა. კბილები იწყებენ ფორმირებას ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში, პირველ ტრიმესტრში. ამიტომ ნიკოტინმა, ამ პერიოდში გადატანილმა დაავადებებმა ან მედიკამენტების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის კბილების არასწორი განვითარება.
- 2 წლის ასაკის ბავშვების კარიესი ანუ ადრეული კარიესი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს შემდეგ ფაქტორებთან: სარძევე კბილებს აქვთ დაბალი მინერალიზაცია და ამოიჭრებიან “მოუმწიფებელი”, მათი “მომწიფება” ხდება უკვე პირის ღრუში. საბოლოო მინერალიზაცია გრძელდება 1,5-2 წელი სარძევე კბილების შემთხვევაში. ხოლო 3 – მუდმივი კბილების შემთხვევაში. ამ პერიოდში კბილები ყველაზე იოლად ზიანდებიან კარიესით. 2 წლის და უფრო მცირე ასაკის ბავშვების კბილების კარიესით დაზიანების მიზეზი შესაძლოა ასევე იყოს ქრონიკული დაავადებები, მედიკამენტების ზემოქმედება, ნერწყვის შემადგენლობა და როგორც წყალში ასევე საკვებ პროდუქტებში ფტორის შემცველობა.
- ყველაზე პატარებში კარიესის განვითარების კიდევ ერთი მიზეზი – მატყუარას (სოსკის) არასწორი გამოყენებაა. ბავშვი, რომელიც იძინებს ბოთლით კარიესის განვითარების ძალიან დიდი რისკის ქვეშაა.ასეთ შემთხვევებში ტკბილი სითხის ხანგრძლივი კონტაქტი კბილებთან იწვევს მათ დაზიანებას. აღნიშნულ დაავადების ბოთლის კარიესი ეწოდება.
როგორც ხედავთ კარიესის განვითარების მიზეზები საკმარისზე მეტია. მაგრამ ყველა მიზეზს მივყავართ მინანქრის დემინერალიზაციის და კბილი მაგარი ქსოვილების დაშლისკენ. კბილებში მიმდინარე ცვლილებების დიაგნოსტირება შეუძლია მხოლოდ სტომატოლოგს. მკურნალობის გეგმა დამოკიდებულია იმაზე თუ რაოდენ დაზიანებულია კბილი.
კარიესის მკურნალობა ბავშვებში
სარძევე კბილების კარიესი და მისი მკურნალობა სამწუხაროდ ბევრი მშობლისთვის სადაო საკითხად რჩება. იციან რა, რომ ბავშვს აქვს კარიესი მაინც არ ჩქარობენ სტომატოლოგთან ვიზიტს. რასაც ხსნიან იმით, რომ “სარძევე კბილებს მაინც მოიცვლის და რატომ უნდა დაუბჟინოთ”. ასეთი აზროვნება არასწორია, სარძევე კბილების კარიესი რთულდება მის გარშემო არსებული რბილი და მაგარი ქსოვილების ინფიცირებით, მუდმივი კბილების ჩანასახების შესაძლო დაზიანებით ან განვითარების ანომალიებით და ა.შ. ასეა თუ ისე მკურნალობის არ არსებობას მოყვება მისი ნაადრევი ექსტრაქცია. რამაც თავის მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს თანკბილვის დარღვევა.
თუკი სტომატოლოგი დროულად აღმოაჩენს კბილზე დემინერალიზაციის უბას მისი მკურნალობა საჭირო არ გახდება. ექიმი სპეციალური ფტორის შემცველი გელით მოახდეს აღნიშნული უბნის დაფარვას. ხოლო მუდმივი კბილების ამოსვლის შემდეგ ხდება ფისურების (ბუნებრივი ღარების) ჩაბეჭდვა სპეციალური თხევადი ბჟენით. კარიესის პროგრესირების შემთხვევაში მისი დამუშავების და შემდგომი დაბჟენის აცილება უკვე შეუძლებელი იქნება. კარიესის გართულება შესაძლოა იყოს პულპიტი (ნერვის ანთება) ან პერიოდონტიტი (კბილის ფესვის ირგვლივი ქსოვილების ანთება).
კარიესის პროფილაქტიკა ბავშვებში
ბავშვებში კარიესის პროფილქტიკა მოიცავს რამოდენიმე მიმართულებას: სწორი კვება, პირადი და პროფესიონალური ჰიგიენა.
პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენა
ჰიგიენა სახლის პირობებში გულისხმობს, როგორც კი მოხდება პირველი კბილის ამოჭრა მშობლების ჯაგრისებს უნდა დაემატოს პატარას ჯაგრისიც. იგივე ეხება კბილის პასტასაც. თავიდან კბილების ხეხვა შესაძლოა მოხდეს თითზე დახვეული მარლით, ან სპეციალური ჯაგრისით. ნადების მოშორება უნდა მოხდეს ყველა ზედაპირიდან. აუცილებელია კბილის პასტის და ჯაგრისის შერჩევა ასაკის მიხედვით.
კარიესის პროფილაქტიკა სწორად შერჩეული საკვები რაციონით
რაც ეხება კვებას მშობლის ვალია – დაბადებიდან ბავშვი იყოს ძუძუთი კვებაზე. დედის რძის სასარგებლო თვისებებზე საუბარს არ დავიწყებთ ისედაც ნათელია, ხოლო წოვის პროცესი დადებითად მოქმედებს ყბა-სახის სისტემის განვითარებაზე. შემდგომ ბავშვი უნდა მიაჩვიოთ რძის პროდუქტებს. წლინახევრის ასაკიდან სასურველია კეფირის, მოგვიანებით ხაჭოს და ყველის მიცემა. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ მუდმივი კბილების ჩასახვა გრძელდება 3 წლამდე. ეს კი ნიშნავს რომ ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა იყოს კალციუმი.
პირის ღრუს პროფესიონალური ჰიგიენა
ეს ღონისძიება გულისხმობს სტომატოლოგის და ჰიგიენისტის პერიოდულ ვიზიტებს. კბილების ამოჭრის შემდეგ ექიმი გასწავლით სწორ ჰიგიენას, თუ როგორ და რითი უნდა იხეხოთ კბილები. თუკი არსებობს კბილის ქვა საჭიროა მისი მოცილება პროფესიული წმენდით. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ წელიწადში 2ჯერ აუცილებელია პროფილაქტიკური ვიზიტების ჩატარება. ხოლო პრობლემური პირის ღრუს შემთხვევაში 3 თვეში 1ჯერ. ძირითადად ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ბავშვთა ასაკში სხვადასხვა პათოლოგიები ძალიან სწრაფად განიცდიან პროგრესს. ადრეული დიაგნოსტიკა კი დაგეხმარებათ დროულად, შედარებით უმტკივნეულოდ და ნეკლები დანახარჯებით აღმოფხვრათ პრობლემები.