შეკითხვებს პასუხობს ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრის ექიმი - ელენე ხარაშვილი
- როდის უნდა მივმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს?
- პირველი კბილის ამოჭრის შემდეგ.
- რატომ ასე ადრე?
- რადგან გვაქვს კბილი, ესე იგი არსებობს კარიესის გაჩენის საფრთხეც. სტომატოლოგი ზუსტად გირჩევთ, როგორ მოუაროთ კბილებს სწორად და აარიდოთ თავი მავნე ჩვევებს, მათ შორის თითის წოვას, მაწოვარას ხანგრძლივ გამოყენებას. ასევე მიიღებთ რეკომენდაციას სწორ კვებასთან დაკავშირებით. იყო ყურადღებიანი და აქტიური მშობელი დღეს, ნიშნავს დაეხმარო შვილს მომავალში ჰქონდეს ჯანმრთელი ღიმილი.
- როგორ მოვამზადოთ ბავშვი სტომატოლოგთან ვიზიტისთვის?
- კლინიკაში ვიზიტზე წინასწარ ისე ისაუბრეთ, როგორც საინტერესო მოგზაურობაზე.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შიში და ნერვიულობა ბავშვსაც მარტივად გადაედება, ამიტომ ეცადეთ, არასოდეს აჩვენოთ თქვენი შფოთვა. მათ გასაგონად ნუ იტყვით ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „ნუ გეშინია“, „არ გეტკინება“ და „მოითმინე“. მათ ნაცვლად შეგიძლიათ უთხრათ, რომ კბილებს დაუთვლიან და დაუთვალიერებენ. შეგიძლიათ ვიზიტის სცენა სახლშიც გაითამაშოთ. არ არის საჭირო ოჯახის წევრებმა დეტალებში მოყვნენ თავიანთი ნეგატიური გამოცდილებები სტომატოლოგთან. სასურველია პირველი ვიზიტი დაემთხვას პროფილაქტიკურ მომართვას და არ იყოს დაკავშირებული ტკივილთან. ამ დროს პაციენტსა და ექიმს შორის მეტი ნდობა და მეგობრული ურთიერთობა ყალიბდება.
1. ვიზიტისთვის შეარჩიეთ დღის პირველი ნახევარი, მაშინ როცა ბავშვი უფრო დასვენებულია და კარგად თანამშრომლობს. ნუ დაამთხვევთ ვიზიტს ბავშვის ძილის დროს.
2. ბავშვი არ უნდა იყოს მშიერი.
3. თუ ბავშვი მოწყენილი გეჩვენებათ, ჩაერთეთ თქვენც, მიანიშნეთ სტომატოლოგს.
გახსოვდეთ, რომ თქვენ ერთ გუნდში ხართ.
- ტკბილეული მართლაც ასეთი მავნეა კბილებითვის?
- ეს სიმართლეა! შაქრის და ნახშირწყლების ხშირი მოხმარება კბილებისთვის მავნეა. როდესაც ბავშვი იღებს ტკბილეულს, პირის ღრუში მატულობს მჟავიანობა, რაც უარყოფითად აისახება კბილის მინანქარზე. ამიტომ როგორც კი ბავშვი ორცხობილით ან საწუწნი კანფეტით ჩაიტკბარუნებს პირს, ეცადეთ გაუწმინდოთ კბილები ან გამოავლოთ წყალი. ძილის წინ არ შეიძლება ტკბილეულის ან დამტკბარი სითხის მაწოვარათი მიღება.
- რატომაა სარძევე კბილები მნიშვნელოვანი?
- სარძევე კბილები მნიშვნელოვანია ბავშვის ჯამრთელობისთვის და ზრდა-განვითარებისთვის. ისინი ეხმარებიან მას ღეჭვასა და საუბარში. უზრუნველყოფენ მათ მომხიბვლელ და თავდაჯერებულ ღიმილს.
სარძევე კბილები სამომავლოდ ადგილს უმზადებენ მუდმივ კბილებს. თუ ბავშვმა სარძევე კბილი ნაადრევად ამოიღო, მუდმივი კბილისთვის განკუთვნლი სივრცე იკარგება, რაც მომავალში ბავშვს უყალიბებს არასწორ თანკბილვას. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ადრეული ასაკიდან სარძევე კბილების მოვლა.