სტომატიტი

რატომ ჩნდება სტომატიტი?

სტომატიტი - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებადი დაავადებების საერთო სახელია.  სტომატიტი ყველაზე ხშირად ვლინდება მტკივნეული ეროზიების და წყლულების სახით.

სტომატიტის მიზეზები სხვადასხვაა. ზოგჯერ სტომატიტი სისტემური დაავადებების გამოვლინებაა - პემფიგუსი, სტრეპტოდერმია, სისტემური სკლეროდერმია, წითელი ბრტყელი ლიქენი, იმუნოდეფიციტი. საბედნიეროდ ასეთი სტომატიტები იშვიათია და მათი მკურნალობით დაკავებული არიან შესაბამისი პროფილის სპეციალისტები.

სტომატიტის განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზებია:

  • ლორწოვანი გარსის მექანიკური დაზიანება - საკვებით, მოტეხილი კბილებით ტრავმირება, ცუდად მორგებული პროთეზები. ტრავმირებით გამოწვეული სტომატიტი გაივლის რამოდენიმე დღის განმავლობაში.
  • ლორწოვანის დამწვრობა ცხელი და ცხარე საკვებით.  ასეთი სტომატიტი მალე გადის, რა თქმა უნდა თუ რეგულარულად არ მიირთმევთ მდუღარეს.
  • ალერგიული რეაქციები საკვებზე, სამკურნალო პრეპარატებზე, კოსმეტიკაზე - ასეთ დროს სტომატიტის მკურნალობა ან ჭიანურდება ან მიმდინარეობს მუდმივი რეციდივების სახით. ალერგოლოგის კონსულტაცია, დაგეხმარებათ ალერგენის გამოვლენაში და აგაცილებთ სტომატიტის განვითარებას.
  • სტომატიტის ინფექციური მიზეზები - ძალზედ ხშირია ჰერპესული სტომატიტები. კანდიდოზური სტომატიტი, ხშირად უვითარდებათ ბრონქიალური ასთმით დაავადებულებს და მათ ვინც სარგებლობს გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი ინჰალატორებით.
  • პირის ღრუში, პათოლოგიური მიმდინარეობის ტიპის მიხედვით სტომატიტები იყოფა:
  • კატარალური
  • წყლულოვანი
  • აფთოზური

კატარალური სტომატიტის დროს, ანთება ეხება ლორწოვანი გარსის მხოლოდ ზედა ფენას. წყლულოვანი ფორმის დროს ანთება ვრცელდება ლორწოვანის ღრმა ფენებში.

აფთოზური სტომატიტის დროს ჩნდება მრავლობითი მრგვალი ფორმის დეფექტები ლორწოვან გარსზე. თუკი სტომატიტი ხშირად გიჩნდებათ ან დიდხანს არ გადის, აუცილებელად მიმართეთ სტომატოლოგს. ჩვეულებრივ სტომატიტის მკურნალობა შესაძლებელია დამოუკიდებლად. დაავადების ხანგრძლივობის მაქსიმალურად შესამცირებლად, აუცილებელია დავიცვათ  დიეტა. მოერიდეთ ქიმიურ და მექანიკურ გამღიზიანებლებს.

აუცილებელი პირის ღრუს საფუძვლიანი ჰიგიენა, ვინაიდან ნადებში არსებული პათოგენური ბაქტერიები ამძიმებენ სტომატიტის მდგომარეობას.

შეხორცების დასაჩქარებლად და შემდგომი ინფიცირებისაგან დასაცავად კარგია გვირილის, სალბის, კალენდულას, მუხის ქერქის სავლებები. შესაძლოა სუსტი ქიმიური ანტისეპტიკების გამოყენებაც - ქლორჰექსიდინი, ფურაცილინი. ექიმის დანიშნულებით იხმარება სპეციალური შემახორცებელი გელები, ანტიმიკრობული ან ანტიალერგიული პრეპარატები.

 

ჰერპესულ სტომატიტს ახასიათებს რიგი თავისებურებები. თავდაპირველად ლორწოვანის მონაკვეთი წითლდება, შემდგომ მასზე ჩნდება პატარა ბუშტუკები (ვეზიკულები) გამჭვირვალე შიგთავსით. ვეზიკულები 2-3 დღეში სკდება და შიშვლდება წითელი, შესიებული ზედაპირი. ჰერპესული სტომატიტის სამკურნალოდ ექიმი ნიშნავს ანტივირუსულ და იმუნომაკორექტირებელ პრეპარატებს.

თუკი სტომატიტის სიმპტომებთან ერთად დაგერთოთ ზოგადი სისუსტე, მაღალი ტემპერატურა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს - რადგან ეს უკვე შესაძლოა სისტემური დაავადების საწყისი ეტაპიც გამოდგეს.


კომენტარები